2013-03-26

კამოეშის ინსტიტუტის პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამოეშის ინსტიტუტის  პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.    ცენტრი  თსუ-სა და კამოეშის (პორტუგალია, ლისაბონი) ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ოქმის ფარგლებში ფუძნდება. ამის შესახებ თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და პორტუგალიის ელჩმა თურქეთში ხორხე კაბრალმა თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს. შეხვედრას საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი გორგილაძე, მოწვეული სტუმრები, თსუ სტუდენტები და აკადემიური პერსონალი დაესწრნენ.   
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „სასიხარულოა, რომ სწორედ  საქართველოში პირველად თსუ-ში იხსნება პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი. მსოფლიოში ამ ენაზე 250 მილიონი ადამიანი საუბრობს. ეს ცენტრი ჩვენს სტუდენტებს პორტუგალიურენოვანი სამყაროს გაცნობასა და შესწავლაში შეუწყობს ხელს.“
„პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც თსუ-ში გაიხსნება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას და განათლების, კულტურის, ეკონომიკისა და სხვა სფეროში კავშირების დამყარებასა და განვითარებას“,-აღნიშნა პორტუგალიის ელჩმა თურქეთში ხორხე კაბრალმა.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის პორტუგალიაში ვიზიტის დროს კამოეშის ინსტიტუტთან გაფორმდა თანამშრომლობის ოქმი. ოქმის თანახმად, ცენტრი ხელს შეუწობს საქართველოში პორტუგალიური ენისა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების კულტურის პოპულარიზაციას.  ცენტრის დახმარებით თსუ პროფესორ–მასწავლებლებსა და სტუდენტებს პორტუგალიური ენისა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების  კულტურის ცოდნის გარღმავების შესაძლებლობა მიეცემათ.  კამოეშის ინსტიტუტი ხელს შეუწყობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლების, მკვლევარებისა და სტუდენტებისათვის სამეცნიერო და პედაგოგიური მიმართულებით ტრენინგების პროგრამას და გასცემს სტიპენდიებს პორტუგალიაში სასწავლებლად.
ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ბიბლიოთეკით პორტუგალიური ენისა და კულტურის შესახებ.


Print

« იხ. ყველა სიახლე