2016-05-23

სამეცნიერო კონფერენცია „ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებითა და პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის ინიციატივით, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში სამეცნიერო კონფერენცია „ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ ჩატარდა.
კონფერენციას უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები, სახლ-მუზეუმის თანამშრომლები, კასპის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი და ხოვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდი ივანე ჯავახიშვილის საქმიანობისთვის  ერთ-ერთი  ყველაზე ნაყოფიერი იყო. ის არამარტო მეცნიერულ კვლევა-ძიებას ეწეოდა, არამედ პრაქტიკულზეც, სახელმწიფოებრივი მშენებლობის საკითხებზეც  იყო ორიენტირებული.  ამ მხრივ, ივანე ჯავახიშვილის ღვაწლი, ფაქტობრივად, შეუსწავლელია, რაც გასაგებიცაა; საბჭოთა პერიოდში  მისი სრული იგნორირება ხდებოდა.  პოსტ-საბჭოთა პერიოდში უკვე არის  შესაძლებელი მისი მოღვაწეობის ყოველმხრივი შესწავლა.“- განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი  იყო მოხსენებები, რომელიც ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტს ეხებოდა.
„ივანე ჯავახიშვილი  იყო ერთ-ერთი იმ პიროვნებათაგან, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში. ამასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი ახლოვდება და უნივერსიტეტში სხვადასხვა გარკვეული ღონისძიებები ტარდება. ეს კონფერენციაც  ერთ-ერთი ამ ღონისძიებათა ციკლიდანაა. აქვე მინდა აღვნიშნო მუზეუმის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ უფრო მეტად  დაინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები  და მეტ ყურადღებას  გამოიჩენენ მუზეუმის მიმართ“ -  აღნიშნა თსუ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა ლადო ნაფეტვარიძემ.
კონფერენციაზე  გაიმართა ბროშურის „ივანე ჯავახიშვილის ორი ლექცია საქართველოს სამხრეთი საზღვრის შესახებ (1918 წლის 18 და 22 დეკემბერი)“ პრეზენტაცია.


Print

« იხ. ყველა სიახლე