ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
დარეჯან თვალთვაძე
მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში სიტუაცია უნდა დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს
და რომ სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის მიერ სტუდენტური
თვითმმართველობის ოთახში შეჭრა და მისი დაკავება იყო არამართლზომიერი
ქმედება: „
ეს ოთახი ეკუთვნის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც
მოქმედი კანონით არის არჩეული, ლეგიტიმური ინსტიტუცია. თვითმმართველობას
კანონით და უნივერსიტეტის წესდებით გარკვეული ფუნქცია, ვალდებულება და
პასუხისმგებლობა აკისრია.“
დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, სიტუაციის განსამუხტავად, უნივერსიტეტის ყველა რგოლი მუშაობს.
„მიუხედავად
იმისა, რომ საკმაოდ რთულია ამ პროცესების მართვა, ჩვენ ვცდილობთ დიალოგის,
მოლაპარაკების გზით განვმუხტოთ სიტუაცია. თუმცა, თუ ამან არ გასჭრა,
უნივერსიტეტი იძულებული გახდება სამართლიანობის ფარგლებში, კანონის
ფარგლებში ყველა ის საშუალება გამოიყენოს, რის უფლებასაც უნივერსიტეტს
აძლევს კანონი და უნივერსიტეტის წესდება.“
თსუ თვითმმართველობის
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა დღეს გამართულ
ბრიფინგზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გონივრული ვადა მისცა
უნივერსიტეტში ინსტიტუციური წესრიგის აღსადგენად:
„მივმართავთ როგორც
შიდასაუნივერსიტეტო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებს აღადგინონ უნივერსიტეტში
ინსტიტუციური წესრიგი, ყველა არჩეულმა ორგანომ იფუნქციონიროს კანონით,
დაგმონ და აღკვეთონ ვანდალური ქმდებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ
სრულად ვიხსნით პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.“