17 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ბოლონიის პროცესის განვითარების ჯგუფის საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე
მარინე ჩიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თამარ სანიკიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი
ელენე ჯიბლაძე და განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბოლონიის პროცესის განვითარების ჯგუფის მიზანია, შეისწავლოს თუ როგორ მიმდინარეობს ბოლონიის პროცესი წევრ ქვეყნებში, განახორციელოს ღონისძიებები და შეიმუშავოს რეკომენდაციები უმაღლესი განათლების სფეროს განვითარების მიზნით. ბოლონიის პროცესის ფარგლებში საქართველოში უმაღლესი განათლების სამი საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) არსებობს; შემუშავდა უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩო, დამკვიდრდა კრედიტების სისტემა, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო განათლების აღიარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან სომხეთის, ლიტვის, საბერძნეთის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, ხორვატიის, ყაზახეთის, ევროკომისიის, ევროსაბჭოს, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის და სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2013 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით საქართველო ბოლონიის პროცესის თანათავმჯდომარე ქვეყანაა ლიტვის რესპუბლიკასთან ერთად. როგორც თანათავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო უფრო აქტიურადაა ჩართული ბოლონიის პროცესის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებსა და აქტივობებში.