ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-14

თსუ რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფმა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა. აქციის წევრებს შეხვდა თსუ რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
საპროტესტო აქციის წარმომადგენლებმა თსუ რექტორს უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ვლადიმერ პაპავა დაეთანხმა სტუდენტთა მოთხოვნას უნივერსიტეტის სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თსუ-მ ოფიციალურად მიმართა შესაბამის სტრუქტურებს უნივერსიტეტებისთვის ბაზური საფინანსო დაფინანსების შესახებ. „ინტენსიურად ვმუშაობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ბიუჯეტში აუცილებლად გაჩნდება მუხლი უნივერსიტეტების დაფინანსების შესახებ, რადგან ეს აუცილებელია საუნივერსიტეტო სისტემის განვითარებისთვის“- აღნიშნა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.
სტუდენტთა კითხვას სასწავლო ბაზების შესახებ, რექტორმა უპასუხა, რომ ელექტრონული სისტემა გამართულად მუშაობს. სტუდენტების მიერ საგნების შერჩევისას არსებული ტექნიკური ხასიათის პრობლემები უკვე ორი წელია არ არსებობს; არსებობს მხოლოდ ობიექტური შეზღუდვები. მსგავსი ხასიათის პრობლემა ბევრ ევროპულ უნივერსიტეტსაც აქვს, როგორიცაა - პოპულარული ლექტორების ჯგუფში მოხვედრა, ძირითადი და დამატებითი საგნების შერჩევა.
ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარებისთვის სტუდენტებმა თსუ რექტორს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა სთხოვეს. რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგად უნივერსიტეტის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევაზე - ევროპული სტანდარტებით უნივერსიტეტის ავტორიზაციაზე ისაუბრა, რაც თავის მხრივ, გარკვეული ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.
სტუდენტებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სწავლის საფასურს, სახელმძღვანელოებს, მის თარგმნას, ერთი და იგივე შინაარსის სხვადასხვა სათაურის მქონე საგნების გაკონტროლებას, პროფილური საგნების დამატებას და სხვა პრობლემებს.
თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ გამოთქვა მზადყოფნა კიდევ შეხვდეს თსუ სტუდენტებს გაფართოებულ ფორმატში, სადაც საუბარი შეეხება ნებისმიერ პრობლემას. „თუმცა, მანამდე გაიმართება პრინციპული შეხვედრა ყველა ფაკულტეტისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებთან,“-აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.
რექტორის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრა გაიმართება 29 სექტემბერს 15.00 საათზე. შეხვედრას დაესწრებიან ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

Print

« იხ. ყველა სიახლე