2011-02-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის 90 წლის და უნივერსიტეტის 93 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. ღონისძიებების ციკლი 31 იანვარს იურისტი მეცნიერების ფოტო გამოფენით დაიწყო. გამოფენის პარალელურად გაიმართა ლადო ჭანტურიას წიგნის პრეზენტაცია „კავკასიისა და ცენტრალური აზიის კერძო სამართალი“. გერმანულენოვანი წიგნი სამი წლის განმავლობაში ბრემენის უნივერსიტეტში მზადდებოდა. მასშტაბური ნაშრომი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიისა და აზიის რვა სახელმწიფოში კერძო სამართლის ინსტიტუციონალიზმის განვითარების შესახებ მოგვითხრობს.
„კარგი კანონი ცუდი იურისტის ხელში შეიძლება ბოროტად გამოყენებული იარაღი გახდეს. წიგნი ასახავს ამ ქვეყნებში კერძო სამართლის სექტორის განვითარებას და გარდა ამისა მოგვითხრობს მომავალი იურისტების განათლების შესახებ. ამ მხრივ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ნამდვილად სახარბიელო სიტუაციაა. სწავლება ჩვენთან ორიენტირებულია პრაქტიკაზე და მიღებული განათლების ეფექტური გამოყენების საშუალებას იძლევა“, – აღნიშნა წიგნის ავტორმა ლადო ჭანტურიამ.
იურიდიული ფაკულტეტის 90 წლის და უნივერსიტეტის 93 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის სტუდენტური კონფერენცია, პროექტის – „ნაფიცი მსაჯული“ პრეზენტაცია და ოჰაიოს შტატის სამხრეთ ოლქის მთავარი პროკურორის კარტერ სტიუარტის საჯარო ლექცია თემაზე
„ამერიკელი პროკურორის როლი“.
კვირეულს ნუგზარ სურგულაძის იუსტინიანეს დიგესტების ქართული თარგმანის და იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის გიორგი კახიანის მონოგრაფიის „საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში“ პრეზენტაცია დაასრულებს.
« იხ. ყველა სიახლე