ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-03-12

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაივლიან.  12 მარტს თსუ-სა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „უნივერსიტეტი ცდილობს სტუდენტთა დასაქმების პრობლემა მეტ-ნაკლებად მოაგვაროს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება. სამინისტრომ უკეთ იცის რა მოთხოვნებია ბაზარზე, რამდენად ვახერხებთ მათ დაკმაყოფილებას. მსგავსი სახის პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ხელს უწყობს თანამედროვე სტანდარტების ახალგაზრდა სპეციალისტის ჩამოყალიბებას. უნივერსიტეტი მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას.“
„თეორიული სწავლების პრაქტიკული ცოდნით გამყარებას სტუდენტებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სამინისტროს სურვილია რაც შეიძლება მეტ დაინტერესებულ და მოტივირებულ სტუდენტს მისცეს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გაღრმავების საშუალება. სამინისტროსათვისაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია ახალგაზრდა კადრებთან თანამშრომლობა, რადგან სტუდენტებს ბევრი საინტერესო იდეა და მოსაზრება აქვთ.“– აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ. 
ხელშეკრულების თანახმად თსუ სტუდენტები სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაივლიან.  ამასთან, სამინისტრო ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მონაწილეობას ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. თავის მხრივ, თსუ სამინისტროს საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებით და ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით უზრუნველყოფს.



Print

« იხ. ყველა სიახლე