2012-05-18

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა.
როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი გეგენავამ  დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 18.00 საათზე 12-ვე საარჩევნო უბანი დაიხურა. ამ დროისთვის საუბნო-საარჩევნო კომისიებში ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. მისივე თქმით, არჩევნებში დაახლოებით 7 000 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც აქტიური რეგისტრირებული სტუდენტების 40 პროცენტს შეადგენს.
“ცესკოში 2 საჩივარია შემოსული. პირველი ეხება აგიტაციას საარჩევნო დღეს, ხოლო მეორე უმნიშვნელო საპროცესო საკითხს. ცესკო ორივე საჩივარს განიხილავს. შემაჯამებელი ოქმი დღეს 24.00 საათისთვის თსუ-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების ვადა 1 დღეა, შესაბამისად,  შაბათს უნივერსიტეტის კანცელარია 10.00-დან 18.00 საათამდე იმუშავებს“, - განაცხადა დიმიტრი გეგემავამ.
თსუ-ში საარჩევნო უბნები 08.00 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი 09.00 საათზე დაიწყო და 18.00 საათამდე გაგრძელდა. საარჩევნო კომისიის  მოწვევით არჩევნებს 3 საერთაშორისო ორგანიზაცია - „IFES”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და “საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი“ აკვირდებოდა.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.
Print

« იხ. ყველა სიახლე