2015-06-25

ჰარალდ ვერცს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

25 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტ პარიზი 8-ს (საფრანგეთი) პროფესორს ჰარალდ ვერცს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ ფრანგი პროფესორი ჰარალდ ვერცი არაერთი წელია ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. მისი თაოსნობით შეიქმნა ქართულ-ფრანგული სასწავლო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებებში, რომლის კურსდამთავრებულებსაც ორმაგი, ქართულ-ფრანგული დიპლომები გადაეცემათ. პროფესორ ვერცს დიდი წვლილი მიუძღვის ქართველი ახალგაზრდების გაზრდაში“.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. უნივერსიტეტის, რომელსაც ძლიერი სამეცნიერო საზოგადოება ჰყავს. ძალისხმევას არ დავიშურებ და მომავალში ჩემი კონტაქტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაცილებით ეფექტიანი გახდება,“- აღნიშნა პროფესორმა ჰარალდ ვერცმა.
თსუ საპატიო დოქტორის წოდება ჰარალდ ვერცს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობის, პარიზი 8-სა და თსუ შორის სასწავლო-სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მისი პედაგოგიური და ამავე დროს, ხანგრძლივი, მაღალი დონის კვლევითი საქმიანობისთვის მიენიჭა.
პროფესორი ჰერალდ ვერცი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სადისერტაციო ნაშრომთა ხელმძღვანელი, 6 წიგნის ავტორი, მრავალი სამეცნიერო სტატიის, 50-იოდე სამეცნიერო მოხსენების ავტორი, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის სამეცნიერო ლაბორატორიებში მიწვეული პროფესორია. ჰარალდ ვერცი უკვე 40 წელია აქტიურ  პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა საფრანგეთსა თუ მის საზღვრებს გარეთ.
ამასთან, თსუ  ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ინფორმატიკის ფრანგულ - ქართული საბაკალავრო პროგრამის 2013-2014 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს  - მარიამ გასვიანს, თეონა ქაჯაიას, რუსუდან ქიტიაშვილს, გიორგი იაშვილს  - უნივერსიტეტ პარიზი 8- ს დიპლომები გადაეცათ.
აღნიშნული პროგრამა თსუ-ში 2008 წლიდან არსებობს და ფრანგული ენის გაღრმავებული სწავლების პირობით აკრედიტებულია საფრანგეთის განათლების ეროვნული სამინისტროს მიერ. პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება ორმაგი ხარისხის დიპლომი: უნივერსიტეტ პარიზი 8-ის ინფორმატიკის ლისანსის (საფრანგეთის სახელწიფოს მიერ გაცემული დიპლომი) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის დიპლომი.
კურსდამთავრებულებს დიპლომები უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა რამაზ ბოჭორიშვილმა  და პარიზი 8-ის პროფესორმა, თსუ საპატიო დოქტორმა ჰარალდ ვერცმა გადასცეს.  

Print

« იხ. ყველა სიახლე