2017-10-09

თსუ პროფესორს „შაჰრიარის საერთაშორისო კულტურის მედალი“ გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს თეა შურღაიას თავრიზის (ირანი) უნივერსიტეტის „შაჰრიარის საერთაშორისო კულტურის მედალი“ გადაეცა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მოჯთაბა ქამრანფარდი, საელჩოს წარმომადგენლები, თსუ პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

ჯილდოს მფლობელის, თსუ პროფესორის თეა შუარღაიას თქმით, მისთვის „შაჰრიარის საერთაშორისო კულტურის მედლის“ გადაცემა ქართული ირანისტიკის დაფასებას და აღიარებას ნიშნავს. "ეს ჯილდო ჩემთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და გარკვეულწილად ვალდებულს მხდის, რომ ქართული ირანისტიკის სკოლის მიღწევები გავიტანო უცხოეთში და გავაგებინო დანარჩენ მსოფლიოს რა გაკეთდა აქამდე ირანისტიკაში",- განაცხადა თეა შურღაიამ.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსების დღიდან არსებობს აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლა. ამ სკოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ირანისტიკის სკოლა, რომელმაც მრავალი მთარგმნელი და მკვლევარი აღზარდა. "დღეს ჩვენმა პროფესორმა ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო საერთაშორისო მედალი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ჩვენი ფაკულტეტისთვის ".

„თსუ ირანისტიკის მიმართულების პროფესორებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ორ ქვეყანას შორის მეგობრული, კულტურულ-სამეცნიერო კავშირების გაღრმავებასა და სპარსული ენის, ლიტერატურის და კულტურის პოპულარიზაციაში,“ - აღნიშნა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა მოჯთაბა ქამრანფარდიმ. მისი თქმით, „შაჰრიარის საერთაშორისო კულტურის მედალი“ ამ დარგის მოღვაწეებისთვის მნიშვნელოანი ჯილდოა. " ირანის ისლამური რესპუბლიკა ამ ჯილდოთი აფასებს იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებიც ეწევიან ირანული კულტურის, სპარსული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას".

თავრიზის უნივერსიტეტი უკვე მესამე წელია გასცემს „შაჰრიარის საერთაშორისო კულტურის მედალს“ ირანის მეზობელი ქვეყნების დამსახურებული კულტურის მოღვაწეებისთვის. წელს ამ ჯილდოზე წარდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეა შურღაია. გასულ წელს „შაჰრიარის საერთაშორისო კულტურის მედლით“ თსუ ირანისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნომადი ბართაია დაჯილდოვდა. 

 
Print

« იხ. ყველა სიახლე