2012-07-26

გამოშვება 2012

25 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის 2012 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება  თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მიულოცა: „დღევანდელი დღე საზეიმოა თსუ-ს 2200 კურსდამთავრებულისთვის. თქვენ უკვე წარმატებულნი ხართ და ეს წარმატება მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ. საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა, თუმცა, თსუ სტუდენტობა გამორჩეულია. იყავით წარმატებულები! გიყვარდეთ უნივერსიტეტი!“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით კურსდამთავრებულებს მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძემ მიმართა. „თსუ კურსდამთავრებულობა დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. არასდროს დაივიწყოთ რომელი უნივერსიტეტი დაამთავრეთ. ამაყად გეთქვათ - მე უნივერსიტეტელი ვარ!“-აღნიშნა მან. 
თსუ ბაკალავრიატი 2012 წელს 2200-მდე სტუდენტმა დაამთავრა. 28 წარჩინებული კურსდამთავრებული სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა. ღონისძიება მუსიკალურად თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრმა (ბიგ ბენდმა) გააფორმა.
ცერემონიას აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თსუ-ს 6 ფაკულტეტზე 196 სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012-2013 სასწავლო წელს 4550 პირველკურსელს მიიღებს. 




Print

« იხ. ყველა სიახლე