2011-03-11
11 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ეწვია. მინისტრმა სტუდენტებს საქართველოს რეგიონალური განვითარების 2010-2017 წლების სახელმწიფო სამოქმედო გეგმა და სტრატეგიის განხორციელების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო. დოკუმენტი საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს კოორდინაციით მომზადდა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროკავშირთან რეგიონული განვითარების პოლიტიკის მხარდაჭერის მატრიცაზე, აღნიშნული მატრიცის ფინანსური მხარდაჭერისთვის ევროპული მხარე საქართველოს 19 მილიონი ევროს ოდენობით საბიუჯეტო დახმარებას გამოუყოფს.
“სტრატეგიის მიზანია რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, მუნიციპალური მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, სამეწარმეო პოტენციალის სტიმულირება, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარებასა და გარემოს დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობა. ყოველივე ამის განხორციელება პროფესიონალი კადრების მეშვეობით ხდება, ეს რესურსი კი სწორედ უნივერსიტეტიდან უნდა მოვიპოვოთ”, - აღნიშნა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ესწრებოდა.
“სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობა მეტი ინფორმაციის მიღების და ეფექტური ურთიერთკავშირის კარგი საშუალებაა. სტუდენტები დაინტერესებულნი არიან მსგავსი სახის პრეზენტაციებით, სადაც თავიანთი აზრის გამოთქმის და შეფასების გაკეთების საშუალებაც ეძლევათ”, - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
« იხ. ყველა სიახლე