7 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რადიო თავისუფალი ევროპა - რადიო თავისუფლების პრეზიდენტი დოქტორი ჯეფრი გედმინი ეწვია. ჯეფრი გედმინს თსუ–ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
„ძალიან დიდი მადლობა ასეთი წოდებისთვის, მე მინდა ეს ჯილდო მივუძღვნა ყველა ჩემს კოლეგას რადიო თავისუფლებიდან. მაქვს პატივი ვიმუშაო ისეთ პროფესიონალებთან როგორებიც არიან დავით კაკაბაძე და მარინა ვაშაყმაძე და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათ სამშობლოში ვიმყოფები, სადაც ასეთი თბილი გარემოა და ასე ძალიან აფასებენ ჩვენს მოღვაწეობას“, – აღნიშნა ჯეფრი გედმენმა.
ღონისძიების ფარგლებში დოქტორი საჯარო ლექციით თემაზე: „თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიის განვითარებაში” წარსდგა.
ჯეფრი გედმინი სხვადასხვა დროს სათავეში ედგა ასპენის ინსტიტუტს (ბერლინი, გერმანია), American Enterprise Institute-ის (ვაშინგტონი, აშშ) ახალი ატლანტიკური ინიციატივის პროგრამას. დოქტორი არის ათობით პუბლიცისტური და ანალიტიკური სტატიის ავტორი აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და სახალხო დიპლომატიის თემებზე, ასევე თანამედროვე საზოგადოებაში მასმედიის როლზე. მისი წერილები იბეჭდება აშშ-ისა და ევროპის ავტორიტეტიან პერიოდულ გამოცემებში. გედმინი ავტორია წიგნისა „ფარული ხელი: გორბაჩოვი და აღმოსავლეთ გერმანიის დასასრული“. მისი რედაქტორობით გამოიცა ესეების კრებული „ევროპის ინტეგრაცია და ამერიკის ინტერესი“.