2017-01-11

“მედიტერრანეა”-ს იმიტაციური ექსპერიმენტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანი თამაშის “მედიტერრანეა”-ს იმიტაციური ექსპერიმენტი ჩატარდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა, სადაც ისინი მინიჭებული როლების მიხედვით ხმელთაშუა ზღვისა და მისი სანაპიროს დაბინძურების აცილების პრობლემების გადაწყვეტას შეეცადნენ.
პროექტის მონაწილის მარიამ უბილავას ინფორმაციით, ექსპერიმენტი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ინტერესის წარმოჩენას  ზღვის და მისი სანაპიროების  ინტენსიური დაბინძურების პირობებში. "წყლების დაბინძურების პრობლემა ძალიან აქტუალურია დღვანდელ მსოფლიოში და კარგი იქნება ბევრი ისეთი ღონისძიების გამართვა, რომელიც ამ პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს- აღნიშნა მარიამ უბილავამ.
ღონისძიებაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლების პოზიციები და განიხილეს პრობლემის მოგვარების სხვადასხვა შესაძლო ვარიანტი, რისთვისაც შესწავლილი და გაანალიზებული ჰქონდათ ყველა სახის დაბინძურების წყაროები, ასევე დადგენილი ჰქონდათ გავლენის დონე  გარემოზე აღნიშნულ ქვეყნებში.
იმიტაციური ექსპერიმენტის მონაწილე სტუდენტის გიორგი მოსიაშვილის თქმით, "ხმელთაშუა ზღვის დაბინძურება ძალიან სახიფათო საკითხია, რადგან ის დასახლებული ადგილიცაა. ეს პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვისაც აქტუალურია, რადგან იგივე შეიძლებოდა  დაემუქროს შავ ზღვასაც. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებში ადამიანების როლი და ჩართულობა".
იმიტაციის მიზანია ხელი შეეწყოს ახალგაზრდების აქტიურ ჩაბმას ეკოლოგიური საკითხების შესწავლაში და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების პროცესებში, რაც საბოლოოდ მათი ეკოლოგიური კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Print

« იხ. ყველა სიახლე