2016-03-15

თსუ რექტორის კომენტარი პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე

„შექმნილი ვითარების შესატყვისი“ უწოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას თსუ-ში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. რექტორის თქმით, „პრემიერ-მინისტრის განცხადებამ მხარეთა შორის დიალოგის წარმართვის კონტექსტსა და ფორმატს გარკვეული მიმართულება მისცა. არ შეიძლება ასეთი დაძაბული სიტუაცია გაგრძელდეს და უნივერსიტეტში არ დამყარდეს წესრიგი, არ გადავიდეს მისი ფუნქციონირება ნორმალურ კალაპოტში.“

თსუ-ში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თსუ-ში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და ვითარების განმუხტვა დაავალა. შექმნილი პრობლემის უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად  განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს  უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელ პირებთან პარიტეტულ საწყისებზე შეხვედრის ორგანიზება დაავალა.

ამ წუთებში თსუ რექტორი ვლადიმერ პაპავა, რექტორის მოადგილე მერაბ ელიაშვილი, აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრები, ორივე სტუდენტური ჯგუფის  წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხვდებიან მინისტრ თამარ სანიკიძეს.


Print

« იხ. ყველა სიახლე