2016-05-11

თსუ აკადემიური საბჭოს არჩევნები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურება.
თსუ საარჩევნო კომისიის თვმჯდომარის ირაკლი დვალიძის განცხადებით, „საარჩევნო უბნებზე არის სრული სიწყნარე, არჩევნები მიმდინარეობს დადგენილი ნორმატიული წესის მიხედვითა, ამ ეტაპზე არცერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა“.
საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 17:00 საათზე დაიხურება საარჩევნო უბნები და საარჩევნო კომისია დადგენილი წესის მიხედვით დღესვე დაასახელებს გამარჯვებული წევრების ვინაობას.
„დღეს თსუ-ში ტარდება აკადემიური საბჭოს არჩევნები. მოქმედი წესდების მიხედვით 7 ფაკულტეტი ირჩევს 2-2 წარმომადგენელს. ეს არის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს იმას, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენს წესდებაში შევა ცვლილებები შესაძლებელი გახდება აკადემიური საბჭოს ახალი წევრების არჩევა, აკადემიური საბჭოს გაფართოებული სახით ჩამოყალიბება და მას შეეძლება სრულუფლებიანი ფუნქციონირება“-განაცხადა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ.  
არჩევნებში 33 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. პირველ ეტაპზე აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტებიდან 2-2 წევრს (სულ 14 წევრი) აირჩევენ.
საარჩევნო უბნები გაიხსნა შვიდივე ფაკულტეტზე. თსუ საარჩევნო კომისიის ინფორმაციით კენჭისყრაში 791 ამომრჩეველი  (726 აკადემიური პერსონალი, 65 სტუდენტი) იღებს მონაწილეობას.  არჩევნების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების (ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“) წარმომადგენლები და ინდივიდუალური დამკვირვებლები აკვირდებიან.
თსუ აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 28 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 35-მა კანდიდატმა გაიარა, აქედან ერთი კანდიდატი წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზის გამო მოიხსნა, ერთმა კანდიდატმა თავად გააუქმა განაცხადი. თსუ აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების 11 მაისს ჩატარების შესახებ შესაბამისი ბრძანება თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 20 აპრილს გამოსცა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებულ აკადემიური საბჭოს წევრებს უფლებამოსილება 16 მაისიდან შეუწყდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე