ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-07-05

განათლების მინისტრმა თსუ-ის გარემონტებული მე-11 კორპუსი დაათვალიერა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თსუ-ის გარემონტებული მე-11 (ყოფილი ბიოლოგების) კორპუსი დაათვალიერა.  რემონტი თსუ-ისა და განათლების სამინისტროს შორის 2009 წლის 25 აგვისტოს "საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის" ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარდა. მინისტრმა დაათვალიერა აუდიტორიები, რესურსცენტრი, ოთახები აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. შაშკინის თქმით, "სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა პროფესურას შევუქმნათ კარგი პირობები იმისათვის, რომ ასწავლოს, ხოლო სტუდენტობას _ ისწავლოს." თსუ-ის რექტორმა გიორგი ხუბიამ ჩატარებული სამუშაოები შეაფასა და აღნიშნა, რომ "თსუ-ში განახლდა მთელი ინფრასტრუქტურა. ჩვენს სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების გარემოში უწევთ სწავლა, რითიც საშუალება ეძლევათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღონ თანამედროვე განათლება." მინისტრის დიდი მოწონება დაიმსახურა თსუ-ის მუზეუმის ზოოლოგიურმა ფონდმა. მისი გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან ყველა სკოლის მოსწავლემ უნდა მოინახულოს ზოოლოგიური ექსპონატების გამოფენა და ჩაუტარდეს ბიოლოგიის ღია გაკვეთილი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ თსუ-ის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი სახსრებიდან 794 879 ლარი დაიხარჯა. მათ შორის მე-11 კორპუსის რემონტზე _ 518 130 ლარი, სადაც გარემონტდა დაახლოებით 7 500 კვ.მ. ფართი. მათ შორის 60 ოთახი, 37 აუდიტორია, 12 კომპიუტერული კლასი და 1 რესურსცენტრი. ასევე ძირითადი აკადემიური პერსონალისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციისათვის 38 სამუშაო ოთახი, რომელიც დაკომპლექტდა ახალი ინვენტარით. განათლების სამინისტროდან გამოყოფილი თანხა დაიხარჯა, აგრეთვე, ბიბლიოთეკის გათბობაზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ინვენტარზე და მე-10 (მაღლივი) კორპუსის მე-2, მე-5, მე-7 სართულების რემონტზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე