ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-02-08

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 93 წლის იუბილე აღნიშნა

8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსებიდან 93 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიება თსუ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ერთობლივი ფოტოგამოფენით “უნივერსიტეტი და წითელი ისტორია” გაიხსნა. ერთი კვირის განმავლობაში ყველა მსურველს საშუალება ექნება პირველად იხილოს გასული საუკუნის უნიკალური და უცნობი ფოტო და დოკუმენტური მასალები, გაეცნოს თუ რა მძიმე პერიოდი გამოიარა უნივერსიტეტმა და პროფესორ-მასწავლებლების დიდმა ნაწილმა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში. მათ შორისაა 1934 წლის უნივერსიტეტის პარტკომის აქტი, სადაც ნათლად ჩანს, რომ პროფესორების გიორგი ახვლედიანის და არნოლდ ჩიქობავას გარიცხვა უნივერსიტეტიდან  მხოლოდ იმიტომ ვერ მოხდა, რომ მათი შემცვლელი სათანადო “მარქსისტულ-ლენინური” კადრები არ მოიპოვებოდა. გამოფენა მოიცავს 30-იან წლებში რეპრესირებულ და გადასახლებულ სტუდენტთა წერილებს ივანე ჯავახიშვილისადმი, 1922 წლის ფოტო და დოკუმენტურ მასალას, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ იცვლება უნივერსიტეტის შენობაზე აღმართული ჯვარი წითელი დროშით, სტუდენტები კი უნივერსიტეტის მეოთხე წლისთავს გლოვით აღნიშნავენ და ა.შ.

 გამოფენაზე ასევე იქნა წარმოდგენილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპრესირებული პროფესორების შალვა ნუცუბიძის, სიმონ ყაუხჩიშვილის, გრიგოლ წერეთლის, ვუკოლ ბერიძის, გიორგი გეხტმანისა და ვახტანგ კოტეტიშვილის წიგნები.

იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ასევე გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ჟურნალ "საარქივო მოამბის" ახალი ნომრის პრეზენტაცია. მკითხველი პირველად გაეცნობა თუ როგორ და რატომ ათარგმნინა სტალინმა რუსულად “ვეფხისტყაოსანი” 1939-40 წლებში, რატომ დაიწყო რეპრესიები ლავრენტი ბერიას საანგარიშო სიტყვის შემდეგ ქართულ ინტელიგენციაში, რა მექანიზმებით ხდებოდა ადამიანების ფიზიკურად და მორალურად განადგურება.

 ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის შალვა ნუცუბიძის მიერ “ვეფხისტყაოსნის” რუსულ ენაზე თარგმნის ისტორიას და პოემის მსოფლმხევდელობის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმის “დატყვევებული გონი(ერი)” ჩვენებაც გაიმართა. ფილმი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული საქმეების საფუძველზე შეიქმნა.

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მეცნიერები და ექსპერტები დაესწრნენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე