2017-04-27

"დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავსადმი მიძღვნილი რეგიონული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი დუაიტ ნისტრომი, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა, თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

„ეს ღონისძიება არის მაგალითი იმ ძლიერი ურთიერთობისა, რომელიც არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ძალიან საინტერესო საკითხები განიხილება და მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ კონფერენციას",-აღნიშნა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელმა დუაიტ ნისტრომმა.
   
ღონისძიების ორგანიზატორის მარიამ ხატიაშვილის ინფორმაციით, კონფერენცია აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა. "ღონისძიებაძე მოხსენებები წარადგინეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა. მოხსენებების თემატიკა მრავალფეროვანი იყო და ეხებოდა როგორც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ასევე აშშ-ს ისტორიას, საზოგადოებას, პოლიტიკას, კულტურას და სხვა საკითხებს“.

კონფერენციაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სხვადასხვა აკადემიური მიმართულებისა და საფეხურის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ამერიკისმცოდნეობის მე-5 ყოველწლიური რეგიონული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით  გაიმართა.

კონფერენცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ორგანიზებული „ამერიკის დღეები 2017“-ის ერთ-ერთი ნაწილია.



Print

« იხ. ყველა სიახლე