ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-10-14

მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია „ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“

CERN-სა ( ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი) და მსოფლიოს სხვა წამყვან კვლევით ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში მოღვაწე ფიზიკოსები შეიკრიბნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 14 ოქტომბერს თსუ-ში მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია „ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“ დაიწყო.
კონფერენციაში საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები, მათი უცხოელი კოლეგები, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი) და დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის თანამშრომლები მონაწილეობენ.
თსუ პროფესორის, CERN-ში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელის ჯემალ ხუბუას თქმით, „ჰიგსის ბოზონის აღმოჩენისთვის რამდენიმე დღის წინ გაცემული ნობელის პრემია ამ ექსპრიმენტის უდიდეს მნიშვნელობაზე მიუთითებს. თსუ-ს დიდი საშუალება აქვს საქართველოში შეკრიბოს მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები. ქართველი ფიზიკოსები მუშაობენ ერთ ერთ ლიდერ ექსპერიმენტში, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე ტარდება. კონფერენცია, რომელიც თსუ-ში მიმდინარეობს,  ქართველ ფიზიკოსთა გარკვეულ წარმატებებთან არის დაკავშირებული.  მსგავს თავყრილობებზე მეცნიერები ერთმანეთს უზიარებენ  მიღწეულ შედეგებს და საუბრობენ მომავალ გეგმებზე.“
„თითქმის 20 წელია ვთანამშრომლობთ ქართველ მეცნიერებთან. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები კონფერენციაზე, რომლის მონაწილეებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ATLAS –ის დეტექტორის მიერ ჰიგსის ბოზონის, იგივე „ღვთიური ნაწილაკის“ აღმოჩენაში,“- განაცხადა CERN-ში ATLAS ექსპერიმენტის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ბენიამინო დი ჯირალომომ.
საერთაშორისო კონფერენცია  ტრადიციულია და თსუ-ში 2001 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. თავდაპირველად მისი სახელწოდება იყო „ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე“. მას შემდეგ, რაც 2009 წელს  დიდი ადრონული კოლაიდერი გაიშვა, კონფერენციას შეეცვალა სახელი და დაერქვა „ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“.  კონფერენციაზე  მაღალი ენერგიების ფიზიკა (ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა) და მისი თანმდევი საკითხები განიხილება, ამასთან, დაკავშირებულია ფიზიკასთან, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე სრულდება.
კონფერენცია 19 ოქტომბრამდე გასტანს.

Print

« იხ. ყველა სიახლე