ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-24

საქართველო ცვალებად საერთაშორისო გარემოში

საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მთავარი შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური განვითარების მიმდინარე პროცესებთან - ეს და სხვა საკითხები განიხილებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით გაიმართა. საპანელო დისკუსია თემაზე:“საქართველო ცვალებად საერთაშორისო გარემოში“ ცნობილი ქართველი დიპლომატისა და მეცნიერის ლევან მიქელაძის 60 წლისთავს მიეძღვნა.   

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „ლევან მიქელაძის ფონდის ინიციატივით გაიმართა საექსპერტო დისკუსია, რომელიც ეძღვნება ძალიან საინტერესო საკითხს-საქართველოს როლი სწრაფად ცვალებად სამყაროში. ძალიან საინტერესო მოხსენება მოვისმინეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან. დღეს ნაკლებად არიან ისეთი ლიდერები, ვისაც აქვს თავისი განსხვავებული და განსაკუთრებული პოზიცია და ფასეულობები, რომელსაც ის ლიდერი დაიცავს. ასეთი ლიდერი იყო ლევან მიქელაძე და ამიტომაც ძალიან გვიხარია, რომ ლევან მიქელაძის სახელს უკავშირდება დღევანდელი შეხვედრა.“

„ღონისძიებაზე განსახილველი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც არსებობს კითხვები საქართველოს პოზიციის შესახებ მთელ მსოფლიოში, ევროპულ სამყაროში, ამერიკულ სამყაროში, მეზობლებში, როგორიცაა რუსეთი, ირანი, თურქეთი. ასე, რომ მე ველი ბევრს ამ დისკუსიიდან: საქართველოს პოლიტიკა, როგორია საქართველოს მომავალი,“-აღნიშნა ამსტერდამის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის პროფესორმა ოლგა გრიცაიმ.

„დისკუსია მიეძღვნა საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოების და განვითარების პრობლემებს. მოგეხსენებათ, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების ფონზე ბევრი რამ იცვლება, ბევრი რამის შესახებ ჯერ კიდევ შეკითხვები რჩება, ბევრი რამ გაურკვეველია, ასეთ დროს საქართველო თავის გზას აგრძელებს და ყველას აინტერესებს, როგორ და რანაირად უნდა გაიკვლიოს გზა საქართველომ იმისათვის, რომ ჩვენი მიზნები, რაც დასახული გვაქვს იქნეს მიღწეული,“-განაცხადა ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გეგეშიძემ.  

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენენენით გამოვიდნენ  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარდგნენ ვიქტორ დოლიძე - სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში,  პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში თედო ჯაფარიძე,  საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის დირექტორი და საქართველოს ელჩი სლოვაკეთში რევაზ გაჩეჩილაძე,  რონდელის ფონდის წამყვანი მკვლევრები ვლადიმერ პაპავა და კახა გოგოლაშვილი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა, თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი, საქართველოს მთავრობის, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ლევან მიქელაძის სახელობის სტიპენდიები გადაეცათ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ნინო აბუსელიძეს და დავით კვარაცხელიას.




Print

« იხ. ყველა სიახლე