2012-05-24
თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან
24 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმს ხელი თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა პრომეთე შევარდნაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობის განმტკიცება ფიზიკის, ქიმიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სფეროში, ასევე კვლევითი და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების ხარისხის ამაღლება.
„ჩვენ ვგეგმავთ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას. სააგენტოს აქვს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიები, უახლოეს პერიოდში მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. დაინტერესებული ვართ ახალგაზრდა კადრებით, რომელსაც ჩვენი სააგენტოს თანამშრომლები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ“, - განაცხადა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა პრომეთე შევარდნაძემ.
თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეროვნული სააგენტო ერთობლივ საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებს განახორციელებენ.
„თსუ-ის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ შეიძინონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სააგენტოსთან არსებული თანამედროვე ლაბორატორიების ბაზაზე, დაგეგმილია სტაჟირება თსუ-ის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. ვფიქრობთ, ეს საინტერესო სიახლე იქნება სტუდენტებისათვის“, - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
« იხ. ყველა სიახლე