2010-05-04
ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარის ფარგლებში 4 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ადრონული ფიზიკის საკითხებთან დაკავშირებულ ვორქშოფს უმასპინძლა. შეხვედრაზე გერმანელ პროფესორ
ჰანს შტროერს თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ვორქშოფს გერმანიის იულიხის კვლევათა ცენტრის, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ქართულ–გერმანული სკოლა–სემინარი 3 მაისს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გაიხსნა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში რიგით მეოთხე საერთაშორისო სემინარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით იმართება. სემინარში გერმანიის ქ. იულიხის კვლევათა ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს. მონაწილე მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. მემორანდუმი მომავალში ერთობლივი პროექტების შემუშავებას შეუწყობს ხელს. იგეგმება ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების მივლინება გერმანიის ქ. იულიხის კვლევათა ცენტრში, განხორციელდება ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომები. შეთანხმების მიხედვით მუშაობა დაიწყება ერთობლივ სადოქტორო პროგრამებზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი გერმანიაში მარტის თვეში იმყოფებოდა, კოლეგებთან შეხვედრისას შემუშავდა ორი საერთო თანამშრომლობის არე, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ მემორანდუმის სხვა დანართებს მოეწერება ხელი.
ადრონული ფიზიკის საკითხებისადმი მიძღვნილი მეოთხე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი თბილისში 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე