ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო პროცესი დილის 10.00 საათზე დაიწყო. მას 16 ინდივიდუალური პირი და 4 არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება. საარჩევნო კომისიის მდივნის
დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით,
„საარჩევნო უბანი ზუსტად დროზე გაიხსნა, ამომრჩეველთა აქტივობა ამ პერიოდისთვის - დღის პირველ ნახევარში საკმაოდ მაღალია. კენჭისყრის პროცედურა 18.00 საათზე დასრულდება. კენჭისყრის შედეგებს გამოვაცხადებთ დღესვე 21.00 საათისთვის.“
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ოთხი კანდიდატურა მონაწილეობს:
ცირა ბარამიძე (თსუ პროფესორი),
ლევან გორდეზიანი (თსუ პროფესორი),
დარეჯან თვალთვაძე (თსუ პროფესორი, რექტორის მოადგილე) და
გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).
საკუთრი არჩევანი გააკეთა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა
ვლადიმერ პაპავამ.
„დღეს უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. უნივერსიტეტი ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თანაც უნიკალური პროცედურით. ასეთი რამ უნივერსიტეტის ისტორიაში არ მომხდარა. დიდია დაინტერესება. მთავარია, კენჭისყრის პროცედურა დამთავრდეს მშვიდ ვითრებაში, შედეგები შეჯამდეს ობიექტურად და უნივერსიტეტმა შეძლოს ხვალ ჩვეულებრივ რეჟიმში საქმიანობა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელმძღვანელობით,“- განაცხადა
ვლადიმერ პაპავამ.
უნივერიტეტის პირველ კორპუსში საპროტესტო აქცია გამართა ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელმა
თამაზ კალაძემ. მისი თქმით მას „უმაღლესი განათლების შესახებ კანონით“ შეეზღუდა რექტორის მოვალეობის სემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თსუ იურიდიული დეპარტამენტის ინფორმაციით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კანონის მიხედვით კი სამეცნიერო პერსონალს მიეკუთვნება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი“
კენჭისყრის პროცედურა თსუ პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში მიმდინარეობს.