ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-03-05

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოებას შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარემ, პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „გიორგი ახვლედიანი გამორჩეული მეცნიერი, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ. თსუ-სთვის დიდი მნიშვნელოვანია ის, რომ სამეცნიერო მიმართულებები რომელსაც უნივერსიტეტის დაარსების დროს საფუძველი ჩაეყარა, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოებასთან ოფიციალურ თანამშრომლობას.“
„ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოებას ისედაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, დღეს ეს კავშირი ოფიციალურად გაფორმდა.  თავის დროზე, გიორგი ახვლედიანის ოჯახმა უნივერსიტეტს გადმოსცა ახვლედიანის წიგნადი ფონდი, ფოტოები, ხელნაწერები, პირადი და სამეცნიერო მიმოწერა, დეპეშები, ადრესები, მემორიალური ნივთები,“- აღნიშნა გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარემ, პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ერთობლივი საგანმანათებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისა და ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის საარქივო, სამუზეუმო, ბიბლიოგრაფიული და სამეცნიერო მემკვიდრეობის შესწავლის, კვლევისა და დაცვის სფეროებში; უზრუნველყოფენ ერთობლივი კვლევების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში, რაც გამოიხატება სასწავლო პროგრამებისა და რესურსების განვითარებაში; ხელს შეუწყობენ კვლევით და სასწავლო პროცესში მკვლევრებისა და სტუდენტებისათვის კვლევითი და სამეცნიერო რესურსების წვდომას.

Print

« იხ. ყველა სიახლე