ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-02-10

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის სამიტი საქართველოში

10 თებერვალს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა) საერთაშორისო სამიტი გაიხსნა.  ელსა საქართველომ იურისტ სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტების 42-ე შეხვედრას უმასპინძლა. სამიტი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში იმართება. შეხვედრაში მონაწილეობა ცენტრალური და დასავლეთ ევროპის 23 ქვეყნის 45 წარმომადგენელმა მიიღო. სამიტის გახსნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრო.

„მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ასეთი აქტიური და წარმატებულები არიან. მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი მომავალი თაობა მუდამ იყოს ჯანსაღი გარემოს სრულუფლებიანი წევრი, შეიძინოს მაღალი ხარისხის ცოდნა, გაიზიაროს თანატოლების გამოცდილება და გაეცნოს სხვა მრავალ საინტერესო კულტურას“, – აღნიშნა რექტორმა.

სამიტის მიზანია საერთაშორისო ქსელის გარშემო მიმდინარე პროცესებისა და პრობლემების გაანალიზება, ქართველი სტუდენტებისა და ახალგაზრდების დაახლოვება ევროპელ კოლეგებთან და კულტურული მრავალფეროვნების გაცვლა. შეხვედრის ფარგლებში  ელსას წევრები ასოციაციის განვითარების ყოველწლიურ გეგმას შეიმუშავებენ.

„ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია მსოფლიოში უდიდესი, დამოუკიდებელი იურისტ სტუდენტთა გაერთიანებაა. დღევანდელი ღონისძიება იძლევა არაჩვეულებრივ შესაძლებლობას რაც შეიძლება მეტ უცხოელ სტუდენტს გავაცნოთ საქართველოს მდიდარი კულტურა, უძველესი ტრადიციები, ულამაზესი ბუნება და ქვეყნის სამართლებრივი სისტემა. სწორედ ამ მიზნით პრეზიდენტების საერთაშორისო შეხვედრის თითოეული დღე დატვირთული იქნება სამუშაო ჯგუფებით, აკადემიური და სოციალური პროგრამებით, რათა მონაწილეებს ჰქონდეთ საშუალება გაიცნონ და შეიგრძნონ საქართველო“, – განაცხადა ელსა საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი სამხარაძემ.

ხუთი დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები სპორტისა და  ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ლადო ვარძელაშვილთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კონსტანტინე კუბლაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან. სამიტის დასასრულს დელეგაციის წევრებსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტს ოსკარ ლემა ბოუზას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმასპინძლებს.

„ელსა საქართველო“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შეიქმნა. 2009 წლის 27 ოქტომბერს, ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს რიგით 56-ე შეხვედრაზე, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო საერთაშორისო ასოციაციის სრულ წევრად იქნა მიღებული.



Print

« იხ. ყველა სიახლე