ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულმა ცენტრმა პროექტის „მწვანე ყუთი“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე დარეჯან თვალთვაძე, საქართველოში გაეროს ოფისის წარმომადგენლები, თსუ სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.
აქციის ფარგლებში თსუ I და VII კორპუსებში გამოიყოფა ადგილები, სადაც განთავსდება კონტეინერები „მწვანე ყუთი“, რომელშიც მოგროვდება ქაღალდის ნარჩენები. სამი თვის განმავლობაში შეგროვებული მაკულატურა წიგნებში გადაიცვლება, რომლითაც თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან არსებული კაბინეტური ბიბლიოთეკა შეივსება.
„აქცია „მწვანე ყუთი“ ძალიან საინტერესო სტუდენტური პროიქტია, რომლის ინიციატორები მოგვიწოდებენ შევაგროვოთ მაკულატურა, ჩავაბაროთ და გადამუშავებული მასალისგან მივიღოთ წიგნები, რომლითაც შეივსება ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. პროექტი არის ძალიან კარგად დაგეგმილი და ვფიქრობ, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები აიტაცებენ ამ იდეას და მაქსიმალურად ჩაერთვებიან მის განხორციელებაში. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და თუ ამაზე ფიქრს დღეს არ დავიწყებთ ხვალ შეიძლება გვიანი იყოს“,-განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ დარეჯან თვალთვაძემ.
თსუ ასოცირებული პროფესორის კახა გაბუნიას თქმით, „აქცია მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით: პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ პროექტის მომზადებაში და განხორციელებაში მაქსიმალურად არიან ჩართული ჩვენი არაქართულენოვანი სტუდენტები, რაც მათ სამოქალაქო აქტიურობას, ინტეგრაციას უწყობს ხელს. მეორე მხრივ, ეს პროექტი ითვალისწინებს გარემოსდაცვით ღონისძიებებს და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.“
„ჩვენი ცენტრი ამ პროექტით ცდილობს თავისი მცირედი წვლილი შეიტანოს ისეთი დიდი პრობლემის გადაჭრაში, როგორიც არის ეკოლოგიური პრობლემა. აქციის ფარგლებში ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ სასწავლო თუ არასაწავლო დაწესებულებას, რომ არ გადაყარონ ფურცლები, ჩააბარონ მაკულატურაში და გამოიყენონ ისინი მეორადად“,- აღნიშნა თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრმა მარიამ მანიამ.
პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შემდგომ ეტაპზე გაფართოვდება მაკულატურის მოგროვების საუნივერსიტეტო არეალი და იგეგმება მაკულატურის გადაცვლა ნერგებში, რომელიც უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საჯარო სივრცის გამწვანებას.
პროექტში ჩართულები არიან თსუ-ს ახალგაზრდული ცენტრის აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულენოვანი სტუდენტები, რომლებიც გეგმავენ გარემოს დაცვითი პიარკამპანიის წარმოებას, რაც გულისხმობს შესაბამისი სლოგანების მოფიქრებასა და მწვანე ყუთების გაფორმებას (მოხატვას).
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში არსებული ქაღალდის ნარჩენების რაციონალურად მართვასა და გარემოსდაცვითი თვითშეგნების ამაღლებას როგორც სტუდენტებში, ასევე უნივერსიტეტის პერსონალში.
ღონისძიება იმართება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამის პარტნიორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.