2012-05-31
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ბულენტ არინჩიმ და თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის იუნუს ემრეს კულტურის ცენტრი გახსნეს. დღესვე, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს ბულენტ არინჩის თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. „ჩემთვის დიდი პატივია ისეთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა, სადაც 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ეს დღე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მოგონებად დამრჩება. ჩვენ თსუ-ში იუნუს ემრეს კულტურის ცენტრი გავხსენით, რასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს ცენტრი არ არის პროპაგანდისთვის გამიზნული. ჩვენი მიზანია ქართველ ხალხს უკეთ გავაცნოთ თურქეთი, თურქული ენა, კულტურა. ეს ცენტრი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას“- აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერმა.
„თსუ-ში იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ასეთი ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს ჩვენს სტუდენტებს თურქული კულტურისა და ენის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში, განსაკუთრებით იმათ, რომლებიც თურქეთში აპირებენ სწავლის გაგრძელებას“- განაცხადა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
„მნიშვნელოვანია, რომ იუნუს ემრეს კულტურული ცენტრი საქართველოს ფლაგმან უნივერსიტეტში გაიხსნა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს უნივერსიტეტებში 500-მდე თურქი ეროვნების ახალგაზრდამ მიიღო განათლება. ამავე დროს, ყოველწლიურად 40-მდე საქართველოს მოქალაქეს აქვს თურქეთის უნივერსიტეტებში სწავლის საშუალება. იუნუს ემრეს ცენტრის გახსნა კი კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ კავშირებს“-განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ.
ღონისძიებას თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანი, თურქეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, თსუ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.
« იხ. ყველა სიახლე