2010-09-21
20 სექტემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი გაიხსნა. ფორუმის მიზანია ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, მსოფლიო სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა; ამავე დროს, საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში უცხოეთში მოღვაწე ქართველი წარმატებული მეცნიერების მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფა.
საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერები: ბესიკ კანკია, გასტონ ბუაჩიძე, ალექსანდრე ლეჟავა, თამარ ფირცხალავა, გოგა ვეშაპიძე და ზურაბ ბერეჟიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ფილოლოგიის სპეციალისტები, რომლებიც საზღვარგარეთ წამყვან ინსტიტუტებში მოღვაწეობენ, საქართველოში თავიანთ დარგში მიმდინარე სიახლეებს წარმოადგენენ. ქართველი პროფესორი ალექსანდრე ლეჟავა იაპონიის იოკოჰამას ინსტიტუტში უკვე 10 წელია მოღვაწეობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ლექციაზე პროფესორი ჯანდაცვის სფეროში მოლეკულური დიაგნოსტიკის გამოყენების პერსპექტივებზე ისაუბრებს. “მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩემი გამოცდილება გავუზიარო თანამემამულეებს და ჩვენს დარგში თანამედროვე მუშაობის სპეციფიკა გავაცნო მათ”, - აღნიშნა ალექსანდრე ლეჟავამ.
ამ მასშტაბის ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. ფორუმის ფარგლებში ორდღიანი პლენარული სესია გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. ფორუმის მეორე ნაწილი უნივერსიტეტებში საჯარო ლექციებს დაეთმობა. მოწვეული პროფესორები 23 და 24 სექტემბერს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავენ.
“მსგავსი ფორუმი ქართული მეცნიერების განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას უზრუნველყოფს. ჩვენი მეცნიერები მდიდარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ და ქართული მიღწევების ფართო ასპარეზზე გასვლას შეუწყობენ ხელს. დაგეგმილი გვაქვს, რომ ფორუმის ფარგლებში გამართულ სემინარებს ყოველწლიურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლოს”, - აღნიშნა შეხვედრაზე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი 24 სექტემბრამდე გასტანს.
« იხ. ყველა სიახლე