1 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობების თბილისის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. ფორუმში მონაწილეობა საქართველოს, ევროპისა და ამერიკის 15 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების 18 წარმომადგენელმა მიიღო. გახსნის ცერემონიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
„სტუდენტური თვითმმართველობა მრავალ საგანმანათლებლო სტუდენტურ პროექტს ახორციელებს. მსგავსი თანამშრომლობა დაგვეხმარება ერთობლივად დავგეგმოთ კონფერენციები და სემინარები, მოვახდინოთ სტუდენტების აზრთა გაცვლა და მათი ინტერესებიდან გამომდინარე დავგეგმოთ ახალი აქტივობები“, – აღნიშნა თსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დაჩი გუბაძემ.
ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურ თვითმმართველობებს შორის მემორანდუმი გაფორმდება. რომელიც კავშირების გაღრმავებას და ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. მემორანდუმს ხელს თსუ–ის, ევროპული უნივერსიტეტებისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის თვითმართველობის წარმომადგენლები მოაწერენ.
ფორუმში მონაწილეობას ესტონეთის, ჰოლანდიის, უკრაინის, გერმანიის, ჩეხეთის, აშშ–ს, იტალიის, უნგრეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის, ხორვატიის, სომხეთის, ლიტვის, ბელგიის უნივერსიტეტების თვითმმართველობის წევრები მიიღებენ. ფორუმი ხუთ დღეს გასტანს და 5 ივნისს დასრულდება.