ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-02-04

თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტსა და მთავარ პროკურატურას შორის მემორანდუმი გაფორმდა

4 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და მთავარ პროკურატურას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს ხელს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მოაწერეს.

ხელშეკრულების თანახმად თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო ლექცია-სემინარების, მასტერ-კლასებისა და იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას უცხოელი ექსპერტებიც მიიღებენ; მემორანდუმი მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამების ერთობლივ განხორციელებასაც ითვალისწინებს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ეს არის ბანკი პროფესიონალი და საჭირო კადრების, ამიტომაც მჭიდრო თანამშრომლობა მოგვცემს საშუალებას წინასწარ განვსაზღვროთ ჩვენი ერთობლივი საქმიანობა. ჩემი აზრით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა უნდა იყოს გაერთიანებული, ამის გარეშე მაღალი ხარისხის განათლება წარმოუდგენელია. მზად ვართ სწორედ ამ პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებაში დავეხმაროთ მომავალ თაობებს“, – აღნიშნა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ.

მემორანდუმის შემდეგ დამსწრე საზოგადოების წინაშე ოჰაიოს შტატის სამხრეთ ოლქის მთავარი პროკურორი კარტერ სტიუარტი წარსდგა, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ამერიკელი პროკურორის როლი“.  სტუდენტებთან შეხვედრისას კარტერ სტიუარტმა ასევე ისაუბრა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, კიბერდანაშაულსა და ადამიანებით ვაჭრობის პრობლემებზე.

„მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა დღეს პირველად ჩამოვსულიყავი საქართველოში და შევხვედროდი აკადემიური წრეების წარმომადგენლებს და სტუდენტებს. ჩემი დღევანდელი ლექცია შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ კანონებს, მე ვეცდები კონკრეტული მაგალითებით ავხსნა სხვადასხვა სიტუაცია და გამოსავალი, რომელსაც ჩვენ ვპოულობთ, ვფიქრობ, ეს მომავალი იურისტებისთვის საინტერესო გამოცდილება იქნება“, – განაცხადა პროკურორმა კარტერ სტიუარტმა.

აღნიშნული ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 90 წლის და უნივერსიტეტის  93 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
Print

« იხ. ყველა სიახლე