2013-07-29

მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია

29 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია გაიმართა. 
ღონისძიება უნივერსიტეტის საიუბილეო ფოტოპროექტით „მე - უნივერსიტეტი“ გაიხსნა. სააქტო დარბაზის ფოიეში ფოტოგრაფ მინდია მიდელაშვილის მიერ გადაღებული წარმატებული უნივერსიტეტელის 65 პორტრეტი გამოიფინა. პროექტის ფარგლებში ფოტოგრაფი 95  პორტრეტს გადაიღებს, რომელიც საიუბილეო წლის დახურვაზე ერთიანად გამოიფინება. 
ფოტოპროექტის გმირების შერჩევაში მონაწილეობა უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელს შეეძლო. ორგანიზატორების ინიციატივით უნივერსიტეტის მასშტაბით ჩატარდა გამოკითხვა, თითოეულ მსურველს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სამი წარმატებული უნივერსიტეტელი უნდა დაესახელებინა.  
პროექტის მიზანია უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესათვის სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმატებული უნივერსიტეტელების პორტრეტების შეგროვება. უნივერსიტეტი სხვადასხვა მიმართულებით ყველაზე დიდი რაოდენობის წარმატებული კურსდამთვარებულებით გამოირჩევა, პროექტის ორგანიზატორები მომავალ თაობას სთავაზობენ - იხილონ მათთვის ავტორიტეტული პიროვნებები ერთიან ალბომში და გახდნენ იმ უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელიც ყველა ამ წარმატებულ ადამიანს აერთიანებს. 
ღონისძიების მეორე ნაწილი სააქტო დარბაზში გაიმართა. 2013 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს ღონისძიების საპატიო სტუმარმა, საქრთველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მიმართეს.
„მიხარია, რომ ასეთ სახეებს ვხედავ. ვხედავ, რომ ამ უნივერსიტეტში ტრადიციები გრძელდება. უნივერსიტეტი არის თანამედროვე, ამასთან ის ტრადიციები რომელიც დიდი ძალისხმევით შევინარჩუნეთ, ისევ ფასობს და გრძელდება“, - აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაგისტრატურის წარჩინებული კურსდამთავრებულებიც დააჯილდოვა, 6 ფაკულტეტის 20-მდე მაგისტრს სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ალექსანდრე კვიტაშვილმა სტუდენტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ თქვენი უკვე ხართ წარმატებული ადამიანები და თქვენ წარმატებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, არამარტო თქვენს, არამედ ქვეყნის ცხოვრებაში. რა ქვეყანა იქნება საქართველო მომავალში, რა საზოგადოებას ავაშენებთ ჩვენ და რა ღირებულება ექნება ამ საზოგადოებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და საქართველოს როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილის აღსაქმელად“.
ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა მაგისტრებს მუსიკალური სიურპრიზი შესთავაზეს. თსუ-ის ვაჟთა ვოკალური ანსამბლმა „უნივერსიტეტმა“ სიმფონიურ კვარტეტთან ერთად სტუდენტური ჰიმნი „გაუდიამუსი“ შეასრულა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  6 ფაკულტეტზე 88 სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება. 2013 წელს თსუ მაგისტრატურა 800 სტუდენტმა დაამთავრა.

Print

« იხ. ყველა სიახლე