2015-04-06

ტემპუსის პროექტის SSRULLI (უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება) პირველი საერთაშორისო კონფერენცია

13-14 აპრილს 10:00 – 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ტემპუსის პროექტის SSRULLI (Strengthening the Specific Role of Universities as Lifelong Learning Institutions) უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება) პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების გამოწვევები და პოტენციალი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტ SSRULLI-ს პარტნიორები ევროპიდან და რეგიონიდან, ასევე საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების განვითარების მიზნით ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობით მიმდინარე ტემპუსის სხვა ორი პროექტის (LeAGUe, ARMAZEG) კოორდინატორები.

კონფერენციის პირველი დღე დაეთმობა მომიჯნავე პროექტების პრეზენტაციებს და ერთობლივი სამომავლო მიზნების დასახვას, საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების რეგიონული ქსელის შექმნის იდეის პრეზენტაციას და შესაბამის დისკუსიას. კონფერენციის მეორე სამუშაო დღეს კი ხელი მოეწერება დეკლარაციას საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების რეგიონული ქსელის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც რეგიონში საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა იქნება და აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარსდგებიან პროექტ SSRULLI-ს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

SSRULLI-ს ხანგრძლივობა ორი წელია და პარტნიორ უნივერსიტეტებში უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შემუშავდა საუნივერსიტეტო სტრატეგიები და რეგიონული რეკომენდაციები საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების შესახებ. ყოველ პარტნიორ უნივერსიტეტში შეიქმნება და დაინერგება მინიმუმ ერთი უწყვეტი განათლების კურსი. პროექტ SSRULLI-ს წარმდგენი და კოორდინატორია თსუ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე