2015-04-20

თსუ მეცნიერების წარმატება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ წარდგენილმა პროექტებმა წარმატება მოიპოვეს.

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში  უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის 2014 წლის სახელმწიფო გრანტების კონკურსში მონაწილეობდა 38 საპროექტო განაცხადი. განაცხადები ორ ეტაპად შეფასდა. გამარჯვებული 12 პროექტიდან 7 პროექტი თსუ მეცნიერების მიერ არის წარდგენილი.

კონკურსის მიზანია, საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში მომუშავე წარმატებულ თანამემამულეებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის ხელშეწყობა. საგრანტო დაფინანსება დაეხმარება საქართველოში მომუშავე მკვლევრებს, უკეთ გაეცნონ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები; უცხოეთში სამეცნიერო დიასპორის წარმომადგენლებს კი საშუალებას მისცემს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა-გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას.

თსუ მეცნიერებმა წარმატებას მიაღწიეს   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2014 წელს გამოცხადებულ  გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების  კონკურსში. კონკურსზე  დარეგისტრირებული 213 პროექტის 81 პროექტი თსუ მეცნიერების მიერ იყო წარდგენილი. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა 35  გამარჯვებული პროექტი გამოავლინეს. მათ შორის, 10 პროექტი თსუ მეცნიერების მიერ იყო წარდგენილი. 

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, საერთაშორისო ან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტის შექმნას. კვლევას შედეგად უნდა მოჰყვეს ახალი, გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის და ა.შ. შექმნა სამრეწველო ნიმუშის, პროტოტიპის სახით და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება-სრულყოფა. კონკურსი ორიენტირებულია კომერციულად ღირებული პროექტების შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებით კომერციული სექტორის დაინტერესებას, სამეცნიერო და ბიზნეს-წრეების დაახლოებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

Print

« იხ. ყველა სიახლე