„სტურუას შექსპირის სამყარო სკოლებში“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შექსპირის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და შოთა რუსთაველის თეატრის ერთობლივი საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტია, რომელიც გულისხმობს შვიდ ღონისძიებას, რომელთა ფარგლებში რუსთაველის თეატრში მოეწყობა ექსკურსია, რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული რობერტ სტურუას შექსპირული დადგმების ისტორიული მასალებისა და უნიკალური ექსპონატების გამოფენა, გაიმართება ლექციები და რობერტ სტურუას შექსპირული დადგმების ვიდეოჩვენება. პროექტის დასასრულს მოსწავლეები რეჟისორ რობერტ სტურუას შეხვდებიან.
პროექტში მონაწილეობენ: „ევროპული სკოლის“, „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის“, 24-ე საჯარო სკოლის, „წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლისა“ და „ახალი სკოლის“ უფროსკლასელები.
მოსწავლეებს ლექციებს წაუკითხავენ თსუ-ის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც 2013 _ 2014 წლებში განხოციელებულ საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტებში „ოთხი დღე სტურუას შექსპირის სამყარო“ და „სტურუას შექსპირის სამყარო“ მონაწილეობდნენ და მათი მოხსენებები თსუ-ში გამართულ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში გამარჯვებულთა შორის დასახელდა.
პროექტი გაიხსნება 23 აპრილს და დასრულდება 9 ივნისს.
პროექტის დასასრულს მოსწავლეებს დაევალებათ სტურუას შექსპირის სამყაროში ასახული მათთვის საინტერესო თემების ირგვლივ დაწერონ ესე.
საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება თსუ-ის პროფესურისგან.
საუკეთესო ნამუშევრებეი დაიბეჭდება და გამოიცემა კრებულად.
ამ პროექტის შედეგად მოსწავლეთათვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება როგორც შექსპირის ტექსტების, ასევე თეატრალური დადგმების შესწავლა და შემდგომში კვლევა. ამგვარი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას.
პროექტი რუსთაველის თეატრსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის ავტორია თსუ ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი.