2018-02-06

თსუ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტა გამოუშვა

თსუ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტა გამოუშვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. საიუბილეო მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძესთან და მონეტის დიზაინერმა ნიტა გონგაძემ წარუდგინეს.

„მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ეროვნული ბანკის კიდევ ერთი საინტერესო პროექტის წარმატებული შედეგი - საკოლექციო მონეტა, რომელიც  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მივუძღვენით. ეროვნული ბანკისთვის ნამდვილად საამაყო იყო ამ პროექტზე მუშაობა. საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს უნივერსიტეტს 100 წლის იუბილეს და ამ ღისშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტას უძღვნის“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიაში პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით,  „თსუ დღესაც პირველია ბევრი მაჩვენებლით: რეგიონში პირველია კვლევების, იმპაქტფაქტორიან გამოცემებში პუბლიკაციების მიხედვით. თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2 %-ში შედის (/The U.S. News&World Report - Best Global Universities Ranking/ (2017 წ.). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასი წლის მანძილზე 300 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. უნივერსიტეტის დაარსება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და წინაპირობა იყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების თვალაზრისით.  მოხარულები ვართ, რომ ამ თარიღს უკავშირდება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ გამორჩეული დიზაინის 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას.“

5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და დიზაინის  ავტორი ნინო გონგაძეა. მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა პირველი თებერვლიდან შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

Print

« იხ. ყველა სიახლე