ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „თაიმსის“ (
Times Higher Education World University Rankings) მსოფლიოს უნივერსიტეტების 2018 წლის რანჟირებაში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 5%-ში მოხვდა. მსოფლიოს საუკეთესო 1500-ზე მეტ გლობალურ-კვლევით უნივერსიტეტს შორის თსუ 1001+ ადგილს იკავებს და რანჟირების ჩამონათვალში კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და რეგიონიდან.
Times Higher Education World University Rankings-ის ინფორმაციით, გამოქვეყნებული 1000-ეული მსოფლიოს 20 ათასზე მეტი უნივერსიტეტის 5%-ს შეადგენს. გასული წლის რანჟირებაში გაცილებით ნაკლები, 980 საუკეთესო უნივერსიტეტი გამოვლინდა, სადაც თსუ-ს 801+ ადგილი ეკავა.
თსუ-მ ყველაზე მაღალი შეფასება საერთაშორისო ცნობადობის კომპონენტში მიიღო, რაც საერთაშორისო თანამშრომლობასთან ერთად საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის რაოდენობის შეფარდებას გულისხმობს.
სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა Times Higher Education-ის ევროპული უნივერსიტეტების რანჟირება, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალში 301+პოზიცია დაიკავა.
ევროპის 2018 წლის რანჟირებაში სულ 35 ევროპული ქვეყანა მოხვდა. რანჟირებისას გამოყენებული იყო 2016-17 წლის მონაცემები.
Times Higher Education World University Rankings-ის შეფასების კრიტერიუმი 5 ძირითად სფეროს მოიცავს:
• სწავლება (სასწავლო გარემო): 30%
• კვლევა (რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია ): 30%
• ციტირება (კვლევის გავლენა): 30%
• საერთაშორისო ცნობადობა (პერსონალი, სტუდენტები და კვლევა): 7,5%
• ინდუსტრიული შემოსავალი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა) 2,5%
„თაიმსის“ რანჟირება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რანჟირებაა, საქმიანობის 14 წლიანი გამოცდილებით.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია რეგიონიდან, რომელიც თაიმსის მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში. (Times Higher Education World University Rankings) უკვე მეორედ მოხვდა.