ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-09-27

თსუ სტუდენტების წარმატება

თსუ სტუდენტების წარმატება
მათემატიკაში, ქიმიასა და ფიზიკაში მსოფლიო ოლიმპიადის ოქროს და ბრინჯაოს მედალოსნები თსუ სტუდენტები გახდნენ. 

მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადის ოქროს მედალოსნებს შორის მე-5 ადგილის მფლობელს ალექსანდრე საათაშვილს რექტორის სტიპენდია მიენიჭა. საქართველოს ნაკრების ოლიმპიადების ისტორიაში ალექსანდრეს შედეგი რეკორდულია.

„მათემატიკა არის მეცნიერების დარგი, რომელიც ჩემთვის საიტერესოა, როგორც პრობლემების  გადაწყვეტის  უნივერსალური შესაძლებლობა. რაც უფრო რთულია პრობლემა, მით უფრო საინტერესოა. თსუ ავირჩიე, იმიტომ, რომ ეს უნივერსიტეტი უკონკურენტოა მათემატიკის მიმართულებით. მე პირადად ვიცნობ მათემატიკოსებს-უნივერსიტეტის პროფესორებს, რომლებიც ჩემი მასწავლებლები იყვნენ და იმედია მომავალშიც იქნებიან. ვფიქრობ,უნივერსიტეტში მექნება შესაძლებლობა მივიღო საკმარისი საბაზისო ცოდნა, რაც დამეხმარება  უკეთ განვსაზღვრო  ჩემთვის საინტერესო სამუშაო მიმართულება,“ - ამბობს ალექსანდრე.

გელა პატაშური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის,  ფიზიკის მიმართულების პირველკურსელია. ის წელს ინდონეზიაში გამართული ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის (IPhO) ბრინჯაოს მედალოსანი გახდა, გელა თსუ-ს ნორჩ ფიზიკოსთა სკოლაში დადიოდა, სადაც ჩატარებულმა ცდებმა და ლექციებმა მის საბოლოო არჩევანზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია.

„თსუ პირველად მერვე კლასში გავიცანი. როცა ჩემმა ფიზიკის მასწავლებელმა შეატყო როგორ მაინტერესებდა ეს საგანი, თსუ-ს ნორჩ ფიზიკოსთა სკოლაში სიარული მირჩია, სადაც  ჩატარებულმა ცდებმა და თემურ ნადარეიშვილის ლექციამ კვანტურ მექანიკაზე გამაოგნა  და სამყაროს სიღრმეებში ჩამახედა. ამან დიდი გავლენა იქონია ჩემს ბავშვობაზე და თსუ-ც შემაყვარა. გარდა ამისა, თსუ უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი და საყოველთაოდ აღიარებული ცენტრია, აქ  უძველესი ფიზიკის სკოლა და ტრადიციებია.

ზოგადად, რომ გახდე დიდი მეცნიერი დიდი განათლება სჭირდება და იმედი მაქვს თსუ მომცემს საჭირო ცოდნას, საფუძველს და შესაძლებლობას, რომ საზღვარგარეთ კარგ უნივერსიტეტში გავაგრძელო სწავლა და გავხდე ისეთი მეცნიერი, რომელიც არა მარტო სამშობლოს, არამედ მთელ კაცობრიობას წაადგება,“- ამბობს გელა.

საბა თავდგირიძე წელს ტაილანდში გამართულ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. სამომავლოდ აპირებს, რომ თსუ გაცვლით პროგრამებში მიიღოს მონაწილეობა და პროფესიული წინსვლისთვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღოს საზღვარგარეთ.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესოა საქართველოში, შესაბამისად ბევრი არ მიფიქრია იმაზე, თუ სწავლას სად გავაგრძელებდი. ავირჩიე ფიზიკის ფაკულტეტი, რითიც თსუ ნამდვილად გამორჩეულია. სკოლის პერიოდში ვმონაწილებდი ქიმიის და ინფორმატიკის ოლიმპიადებში, მაინტერესებდა ფიზიკაც, შესაბამისად ეს არჩევანი საშუალებას მომცემს ვისწავლო ფიზიკა და ასევე შეხება მქონდეს ქიმიასა და მათემატიკასთანაც. ვიმედოვნებ, მომდევნო წლები საინტერესო და შემეცნებითი იქნება. თსუ-ს ბევრი გაცვლითი პროგრამა აქვს უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და ვეცდები ამ პროგრამების საშუალებით პროფესიული წინსვლისთვის  საჭირო ცოდნა და გამოცდილება მივიღო.“

გიორგი გრიგოლია რამდენიმე წელია, რაც დაინტერესებულია  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და განსაკუთრებით-ფიზიკით. გიორგის თქმით, ფიზიკა ის ფუნდამეტური მეცნიერებაა, რომლის შესწავლაც მის შინაგან ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს. ის წელს ინდონეზიაში გამართული ფიზიკის მსოფლიო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.  

"ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის როგორც თეორიულ, ისე ექსპერიმენტულ ამოცანებზე მუშაობის პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ თსუ-ში მექნება ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.თსუ არის დიდი ისტორიიისა და გამოცდილების მქონე უნივერსიტეტი და საკმაოდ კარგ დონეზე ისწავლება ფიზიკა. ველი საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობას, და რაც მთავარია მინდა მაქსიმალურად ვიყო ჩართული რეალურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.მინდა გავხდე მეცნიერი, რა განხრით ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს. ბაკალავრიატში სწავლის განმავლობაში მაქსიმალურად დიდი ცოდნის მიღება მინდა,“-ამბობს გიორგი.


Print

« იხ. ყველა სიახლე