2018-06-11
„ქართული ენა 1, ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის“ - პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ
რამაზ ქურდაძის წიგნის - „ქართული ენა 1. ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი განკუთვნილია ქართული ენის უცხოელ შემსწავლელთათვის, ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის. წიგნში წარმოდგენილია 15 გაკვეთილი: ქართული ანბანი ი.გოგებაშვილის პრინციპების მიხედვით და 65 სავარჯიშო.
პრეზენტაციას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
ნანა გაფრინდაშვილი, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გიორგი ალიბეგაშვილი, თსუ პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის
ნანა გაფრინდაშვილის თქმით, პროფესორ რამაზ ქურდაძის გამოცდილება ქართული ენის სწავლის მსურველებს ძალიან დაეხმარებათ:
„მნიშვნელოვანი გამოცემაა. უცხოელები ამ წიგნის მეშვეობით შეისწავლიან ქართულ ენას. ამ ტიპის გამოცემებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც ცდილობს თავის ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს კულტურულ რუკაზე.“
პროფესორ
რამაზ ქურდაძის განცხადებით, წიგნში წარმოდგენილი სავარჯიშოები იმ სალექციო კურსის ნაწილია, რომელსაც თსუ პროფესორები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში კითხულობდნენ:
„ეს არის პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული. ამ მეთოდით ლექციებს ვკითხულობდით სტონი ბრუკის უნივერსიტეტში, დარტმუნდის კოლეჯში, ლეიდენის უნივერსიტეტში, ბრემენის უნივერსიტეტში. ამ ლექციებისთვის შედგენილი სავარჯიშოები თავისი გრამატიკული ინსტრუქციებით, შენიშვნებით თავმოყრილია კრებულში; თან ახლავს ინგლისურ-ქართული ლექსიკონიც.“
რამაზ ქურდაძემ ასევე აღნიშნა, რომ მომავალში იგეგმება ახალი წიგნის „ქართული ენა 2“-ის გამოცემა, რომელიც უკვე აპრობირებულია ლაიდენისა და ბრემენის უნივერსიტეტებში.
„ქართული ენა 1, ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის“ გამოიცა თსუ გამომცემლობის მიერ.
« იხ. ყველა სიახლე