2018-05-24

სტუდენტების დაჯილდოება

სტუდენტების დაჯილდოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსებში (ესეების, კალიგრაფიისა და ნახატების კონკურსი) გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  გამარჯვებულებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა სიგელები და სპეციალური პრიზები გადასცეს. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თსუ პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ქმნიან ჩვენი სამშობლოს  დღევანდელ დღეს და შექმნიან ხვალინდელ დღეს. მე ამას ვიზიარებ ჩემი უნივერსიტეტის კედლებში. რომელი ეთნიკური წარმოშობისაც არ უნდა იყოთ, თქვენ აძლიერებთ ჩვენ სამშობლოს ისე, როგორც ისტორიულად ძლიერდებოდა საქართველო თავისი მრავალფეროვნებით. თქვენ უნდა იყოთ თანაშემოქმედები ამ ქვეყნის მომავლის. ჩვენ ვართ ისეთი ერის შვილები, რომლებიც ამ მრავალფეროვნებით არსებობდა მუდმივად,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა სტუდენტებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ გარდაბანში დაგეგმილია დამოუკიდებელი საქართველოსა  და მსოფლიოს პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის, ფარი-ხანუმ სოფიევის მემორიალის გახსნა. „დღეს ვარ ამაყი იმით, რომ გვყავს ასეთი მოტივირებული, ნიჭიერი ახალგაზრდები განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობისა, რომლებიც არიან ამ ქვეყნის სრულფასოვანი პატრიოტი მოქალაქეები და რომელთაც მომავალში ჩვენი პოლიტიკით ექნებათ ყველა შესაძლებლობა, რომ იყვნენ მაქსიმალურად ჩართულნი და რეალიზებულნი ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში,“- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

„ამ დღეებში აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი და თვითონ უნივერსიტეტი, რომელიც 100 წლის გახდა, აქტიურად არის ჩაბმული ამ პროცესებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი არაქართულენოვანი, აზერბაიჯანული და სომხური წარმოშობის ეთნიკური საქართველოს მოქალაქეების ჩართვა ამ პროცესში, რასაც ახორციელებს სპეციალური პროგრამა და სწორედ ამ პროგრამის გამორჩეული სტუდენტები დაჯილდოვდნენ“, - განაცხადა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ თეიმურაზ პაპასკირმა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამები ძალიან დიდ როლს ასრულებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების განათლებაში, უქმნის არამხოლოდ საგანმანათლებო გარემოს, არამედ ხელს უწყობს მათ აქტიურობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ დავაჯილდოვეთ სტუდენტები, რომლებიც საუკეთესოდ მეტყველებენ ქართულ ენაზე, მხატვრულად კითხულობენ ქართულ პროზას, პოეზიას და რაც მთავარია, წერენ გამართული, ულამაზესი ქართულით,“- განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო 1+4 პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით 26 მაისის თემატიკაზე გადაღებული ფილმი და გაიმართა აქცია - პოეზიის 10 წუთი.    

კონკურსებში მონაწილეობდნენ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, შსს აკადემია, ახალციხის, გორის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები).

„დავწერე თემა საქართველოს შესახებ - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე. ძალიან გამიხარდა რომ გავიმარჯვე. მინდა ასეთი  კონკურსები ხშირად ჩატარდეს, რადგან  ამით გვეძლევა საშუალება უკეთ დავეუფლოთ ქართულ ენას,“ - განაცხადა ესეების კონკურსში გამარჯვებულმა თსუ „1+4“  პროგრამის  სტუდენტმა მარგარიტა ნახაპეტიანმა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მსოფლიოს პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის ფარი-ხანუმ სოფიევის  შთამომავალი, თსუ სტუდენტი ფარიდ  სოფიევი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ფარი-ხანუმ სოფიევის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამბო.

„1918 წელს 34 წლის ფარი-ხანუმ სოფიევა პროპოციული სიით გახდა მსოფლიოში პირველი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არჩევითი ორგანოს წევრი მუსლიმი ქალი. ამის შესახებ ქართული პრესა სიამაყით წერდა. ამ თავისუფლებისთვის ფარი-ხანუმმა პასუხი მკაცრად აგო. ჩვენ, მის შთამომავლებს სურვილი გვაქვს გავაგრძელოთ დიდი ბებიის ტრადიცია და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ  ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში და ჩვენი დიდი ოჯახის სახელით დიდი მადლობა მინდა გითხრათ ფარი-ხანუმის ღვაწლის დაფასებისათვის,“- აღნიშნა ფარიდ სოფიევმა.

პროექტის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება საუნივერსიტეტო და, ზოგადად, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში; დამოუკიდებლობის, თავისუფლების ფენომენის გააზრება, ინფორმირებულობის გაზრდა აღნიშნულ თემატიკაზე, ღირებულებათა სისტემის ფორმირება და ცნობიერების ამაღლება.


Print

« იხ. ყველა სიახლე