2017-09-27

თსუ სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში

თსუ სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს იულიხის კვლევითმა ცენტრმა უმასპინძლა. „შემოდგომის ლექციები - თბილისში" - ამ სახელით ცნობილი პროექტის ფარგლებში ცენტრში მათთვის სპეციალური, ე.წ. QUALI-Start-Up ლექციების კურსი ჩატარდა.

ვიზიტის დროს სტუდენტებს კვლევითი ცენტრის რამდენიმე წამყვან ინსტიტუტში, მათ შორის ბირთვული კვლევების (IKP), ნეირომეცნიერებათა (INM), კლიმატის კვლევის (IEK), პიტერ გრუნბერგისა (PGI) და ინჟინერიის (ZEA) ინსტიტუტებში ლექციები ჩაუტარდათ. ლექციების თემატიკა მოიცავდა ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის (ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა), ქიმიის და ბიოლოგიის, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანმრთელობის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს. სტუდენტები გაეცნენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებლია სწავლისა და კვლევის გასაგრძელებლად როგორც იულიხის ცენტრში, ასევე აახენისა (RWTH Aachen)  და კიოლნის (Köln) უნივერისტეტებში.

ვიზიტი ფინასურად  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მიმღებმა მხარემ უზრუნველყო.

„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში თბილისის სახელმწიო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრუნი) სხვა წევრების სტუდენტებისგან შემდგარი რამდენიმე დელეგაციაც იმყოფებოდა.  



Print

« იხ. ყველა სიახლე