2017-09-12

მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილე

მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილე
მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილე დღეს საქართველოს პარლამენტში აღინიშნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადებული ფილმის - „ისტორიამ რა ჰქმნა?“  და ვიდეო-ქრონიკის  - „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ ჩვენებას პარლამენტის წევრები, აკადემიური, სამეცნიერო წრეების და საზოგადოების წარმომადგენლები, მარიამ ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. ჩვენების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სახელით საზეიმო მიღება გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა მარიამ ლორთქიფანიძის ღვაწლი და ქვეყნის წინაშე დამსახურებებისთვის მადლობა გადაუხადა.

საიუბილეო ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

„რამდენიმე თვის წინ დავგეგმეთ, რომ პარლამენტში ვუმასპინძლებდით ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის საიუბილეო ღონისძიებას. ჩვენ აღვნიშნავთ როგორც მის დამსახურებას მეცნიერების მიმართულებით, ასევე, მის უდიდეს პიროვნულ ღირსებებს, ასევე სიყვარულსა და პატივისცემას, რომელიც ქალბატონმა მარიკამ სრულიად ყველა თაობის მხრიდან დაიმსახურა“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ფილმების ჩვენების შემდეგ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, მარიამ ლორთქიფანიძის მოღვაწეობა სამაგალითოა. „მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ დაფასდა ქალბატონი მარიკას ღვაწლი და საქართველოს პარლამენტში აღინიშნება ქალბატონი მარიკას იუბილე. მისი ღვაწლი არ არის მხოლოდ ისტორიოგრაფია, მხოლოდ საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ქალბატონი მარიკას  ღვაწლი ყოველთვის არის მუშაობა ახალგაზრდებთან და მისი მოღვაწეობა ყოველთვის მომავლისკენაა გამიზნული. ეს არის სამაგალითო ბევრისთვის“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ფილმის „ისტორიამ რა ჰქმნა?“ ავტორი და რეჟისორია თსუ-ს გაზეთ  ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი ნინო კაკულია. ვიდეო-ქრონიკის  - „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ ავტორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი სულხან მელაძე.

საზეიმო მიღებაზე ასევე წარმოდგენილი იყო თსუ-ს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის მიერ მომზადებული წიგნი  - ,,ისტორიამ რა ჰქმნა?“,  რომელიც მარიამ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის 95 წლისთავს მიეძღვნა. 
 

Print

« იხ. ყველა სიახლე