ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-06-07

კონკურსის “მისია 2018” ფინალი და დაჯილდოების ცერემონია

კონკურსის “მისია 2018” ფინალი და დაჯილდოების ცერემონია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2018“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალში გასული 5 გუნდი ჟიურის წინაშე პარტნიორი კომპანიის დავალებაზე - „დირსის ზაფხულის ქალაქი“, შესრულებული პრეზენტაციებით წარსდგა. ჟიურიმ სამი საუკეთესო გუნდი გამოავლინა: პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „ერთი“, მეორე ადგილზე - გუნდი „თსუჰოლიკი“, მესამე ადგილი კი გუნდმა „მედიატორმა“ დაიკავა. გამარჯვებულებს პარტნიორი კომპანიის „ას ჯორჯია დირსის“ მიერ დაწესებული კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარი გადაუნაწილდათ. პირველი ადგილზე გასულმა გუნდმა 2500 ლარი მიიღო, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულებმა შესაბამისად 1500 და 1000 ლარი. ფინალური ეტაპის ყველა მონაწილეს კონკურსის სერტიფიკატები და ორგანიზატორების სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, კომპანია „ას ჯორჯია დირსის“ გენერალური დირექტორი ბესო ჯიქურაული და მოწვეული წევრები - Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე, „ჯეოსელის“ კორპორაციული კომუნიკაციების ექსპერტი თაკო როდონაია, VEON საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი, კონკურსის „მისია“ 2011 წლის გამარჯვებული თეიმურაზ ბაბუციძე და თბილისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ცინაძე.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ჟიურის წევრებმა პროექტის მონაწილეებისგან საინტერესო და ორიგინალური იდეები მოისმინეს. „ჟიურის გაუჭირდა გამარჯვებულების განსაზღვრა, მცირე განსხვავებები იყო სამივე გამარჯვებულ პროექტს შორის. მიმაჩნია, რომ გამარჯვებულია ყველა, ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, ამ ახალგაზრდებიდან ძალიან ბევრი თავისი სპეციალობით დასაქმდება და ეს გამოცდილებაც ცხოვრებაში გამოადგებათ,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

კომპანია „ას ჯორჯია დირსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ჯიქურაულმა გამარჯვებულ გუნდებს წარმატება მიულოცა და პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა: „ჩვენ ამ ნამუშევრებით ძალიან ბევრი საინტერესო იდეა მივიღეთ. სტუდენტების ნაშრომებს აუცილებლად გამოვიყენებთ. ვფიქრობ, რამდენიმე ზაფხულის განმავლობაში „დირსის“ ტერიტორიაზე საინტერესო ღონისძიებები გვექნება. ეს იმის დამადასტურებელია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებას მაღალ დონეზე აძლევენ.“   

„მისია 2018“-ის გამარჯვებული გუნდის მონაწილის გიორგი ბარბაქაძის თქმით, აღნიშნული პროექტმა თითოეულ მონაწილეს დიდი გამოცდილება მისცა: „პროექტზე მუშაობის ერთი თვე რთული და გამოწვევებით სავსე იყო, გამარჯვება კი ნამდვილად მოულოდნელი და სასიხარულო. არამხოლოდ პროექტმა, პროექტის განმავლობაში თსუ-სა და „დირსისგან“ ჩატარებულმა სემინარებმა ბევრი რამ მოგვცა. დარწმუნებული ვარ, ეს ცოდნა მომავალში კარიერულ წინსვლაში დაგვეხმარება.“

თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.

სტუდენტურ კონკურსში 2018 წელს მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 56-მა გუნდმა მიიღო, შემოსული პროექტებიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 5 საუკეთესო გამოავლინა. ფინალური დავალების შესრულების პროცესში კონკურსანტებისთვის უნივერსიტეტისა და კომპანიის წარმომადგენლებმა სპეციალური ტრენინგები და სემინარები ჩაატარეს.

კონკურსი წელს მეექვსედ ჩატარდა. გასულ წლებში კონკურსის პარტნიორი კომპანიები იყვნენ: „IDS ბორჯომი საქართველო“, „გეოპლანტი“, „ნატახტარი“, „სანტე“ და „თიბისი ბანკი“.




Print

« იხ. ყველა სიახლე