ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორის,
ალექსანდრე ცისკარიძის წიგნის - ,,მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი’’ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტმა გამოსცა. კემბრიჯის საუნივერსიტეტო გამოცემაში ქართველი ექიმის ნაშრომი პირველად დაიბეჭდა.
ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიხეილ ჩხენკელი, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
ზურაბ გაიპარაშვილი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.
როგორც წიგნის ავტორმა
ალექსანდრე ცისკარიძემ აღნიშნა, თემა საკმაოდ აქტუალურია, ვინაიდან თანამედროვე სამკურნალო და დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იზრდება ინტენსიური, შეიძლება ითქვას ,,აგრესიული’’ მკურნალობის მეთოდების განვითარება, რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია გართულებებთანაც.
„სწორედ ის გართულებები, რომელიც მკურნალობის და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს ახასიათებს, მიმოიხილება ჩვენს მიერ შექმნილ ნაშრომში. ჩემთან ერთად ამ წიგნზე მუშაობდა ჩემი ორი კოლეგა: შვედეთიდან პროფესორი ლინდგრენი, რომელიც არის ლუნდის უნივერსიტეტის ნევროლოგიური კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამერიკელი კოლეგა პროფესორი ადნან კურეში, მინესოტას უნივერსიტეტის ნევროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი“ - განაცხადა თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ალექსანდრე ცისკარიძემ.
„მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“ თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს - ინსულტის თემას ეხება და იგი პირველ რიგში განკუთვნილია ნევროლოგებისთვის, ისევე როგორც ნევროლოგიის განხრის რეზიდენტურის სტუდენტებისთვის, ასევე კარდიოლოგებისთვის, ინტერვენციული რადიოლოგებისთვის, სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგებისთვის, ონკოლოგების, მეან-გინეკოლოგებისთვის და სხვა მიმართულებების სპეციალისტებისთვისაც. ამ თემატიკისადმი მიძღვნილი ასეთი კომპლექსური წიგნი მსოფლიოში პირველად გამოიცა. ალექსანდრე ცისკარიძესთან ერთად, წიგნს ორი თანაავტორი ჰყავს - ლუნდის (შვედეთის) უნივერსიტეტის პროფესორი
არნე ლინდგრენი და მინესოტას (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი
ადნან კურეში.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის თქმით,
„პირველად საქართველოს ისტორიაში კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობაში ქართველი ექიმის რედაქციით გამოიცა წიგნი, რომლის მომზადებაშიც 15 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რაც უაღრესად დიდი წარმატებაა მთელი ჩვენი სამედიცინო სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რა თქმა უნდა პირადად ბატონი ალექსანდრესი.“
„ეს გახლავთ მსოფლიო მნიშვნელობის წიგნი. ის ფაქტი, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ არის გამოცემული, ბატონი სანდროს და ზოგადად ჩვენი ქართული სამედიცინო სკოლის საერთაშორისო აღიარების აღმნიშვნელია. ამიტომ, მინდა მივულოცო ჩვენს უნივერსიტეტს და მთელ ქვეყანას“, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
მიხეილ ჩხენკელმა.
წიგნი ელქტრონული ფორმატით უკვე განთავსებულია „კემბრიჯ ქორის“ ონლაინ ბაზაში, რომელიც სრულიად ახალ პლატფორმას წარმოადგენს კემბრიჯის აკადემიური გამოცემების გასაერთიანებლად.
თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე ევროპის ინსულტის ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი და დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტია.