2018-04-10
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გამოფენით „ქართული ენის მემატიანე წიგნები“ გაიხსნა. გაიმართა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროექტის: „სვანეთი, ლაზეთი, სამეგრელო სტუდენტების თვალით - 2016-2017“ და ქართული ენის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულის „ქართველური ენათმეცნიერება“ მე-4 ტომის პრეზენტაციები. კრებულის პრეზენტაცია პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ენის სახელწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით: „14 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა ეროვნული აზროვნების ჩამოყალიბების საქმეში. 40 წლის წინანდელი მოვლენები სამაგალითო იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საბჭოთა იმპერიაში შემავალი სხვა ქვეყნებისთვისაც. საამაყოა, რომ მოვლენების ეპიცენტრი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესურით, სტუდენტობით, ახალგაზრდობით. ამ მასშტაბური მოვლენით დაიწყო ქართული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა; გაერთიანება ერისა შედგა ქართული ენის დაცვის იდეის გარშემო, სხვანაირად დაიწყო ჩვენი ისტორიის ათვლა. ქართული ენის დღეს უნივერსიტეტი მრავალფეროვან ღონისძიებებს უძღვნის: გამოფენებს, კონფერენციებს, კონკურსებს. 14 აპრილს კი დედა ენის ძეგლთან გაიმართება ღონისძიება, რომელშიც ჩვენს სტუდენტებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას.“
„მინდა მივულოცო ყველას ქართული ენის, დედა ენის დღე; ვიზრუნოთ მასზე ერთად, იმიტომ რომ ის არ არის მხოლოდ ცალკეული პიროვნებების მოსავლელი, არამედ, გასაფრთხილებელი და საზრუნავი მემკვიდრეობაა, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან გვერგო. იუნესკომ 2016 წელს ქართული დამწერლობის სამივე სახეობა შეიტანა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ეს ბევრ რამეს გვავლდებულებს ,“- განაცხადა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა.
გამოფენაზე, „ქართული ენის მემატიანე წიგნები“, წარმოდგენილია გამოცემები, რომელიც დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში. „ენის კვირეულთან დაკავშირებით გავხსენით ჩვენი საცავები და გამოვიტანეთ გამორჩეული ლიტერატურა, რარიტეტები, რომლებსაც იშვიათად თუ ვფენთ ხოლმე. ეს გახლავთ ის წიგნები, რომლებიც ეძღვნება, ასახავს ჩვენი უმდიდრესი ქართული ენის სიღრმეს, ენათმეცნიერულ წიაღსვლებს: დაწყებული პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნით, რომელიც იტალიაში გამოიცა კათოლიკე მისიონერების დასახმარებლად, მაგრამ ეს წიგნი სწორედ ქართული ენის ანბანს ეძღვნება და ლოცვებითურთ არის დაბეჭდილი. ამავე დროს, გამოფენილია შედარებით თანამედროვე ლიტერატურა, რომელიც ქართული ენის შესწავლას ეძღვნება,“- აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-ში გაიმართება კონფერენციები, სტუდენტური ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება, სტუდენტური აქცია „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“, გამოფენები: „ქართული დამწერლობა ქართველ მხატვართა შემოქმედებაში“, „დედა ენის“ შექმნის სათავეებთან“; მოეწყობა „გავრცელებულ ენობრივ შეცდომათა ლექსიკონის“ პრეზენტაცია, ფილმის „აკაკი შანიძის“ ჩვენება, წიგნის „1978-2018“ და დოკუმენტური ფილმის - ,,აპრილის მოვლენა და ქრონიკები პრეზენტაცია და სხვა. კვირეული 16 აპრილს, სკოლის მოსწავლეთა კონკურსში - „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდება.
« იხ. ყველა სიახლე