2017-10-12
„ თსუ ინოვაცია “
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „თსუ ინოვაცია“ ფარგლებში საუკეთესო სტუდენტური ინოვაციური პროექტები გამოვლინდა. სტუდენტ ფიზიკოსთა საინიციატივო ჯგუფის პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს, საუკეთესო 8 პროექტი კი უნივერსიტეტის ფოიეში გამოიფინა. სამი საუკეთესო პროექტის ავტორებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელი გახდა პროექტი: „ინოვაციური ავია-კოსმოსური ტექნოლოგიები“, რომლის ავტორიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი
გიორგი ქაჩლიშვილია. მისი პროექტით საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრები დაინტერესდნენ.
„ჯანსაღი კონკურენცია წარმატების საწინდარია და ასეთი პროექტები ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენის შესაძლებლობას მოგვცემს. რაც შეეხება ჩემს პროექტს, ესაა ავია-კოსმოსური ტექნლოგიები, იგი დავიწყე რამდენიმე წლის წინ და ახლა ვთანამშრომლობ სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ვცდილობ NASA-სთან თანამშრომლობასაც“,- ამბობს
გიორგი ქაჩლიშვილი. მისი აზრით, მსგავსი პროექტები მომავალშიც უნდა განხორციელდეს, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობენ მეორე ადგილზე გასული პროექტის „Stellar Business Management System” ავტორები რევაზ კაკაბაძე და ოთარ ქავთარაძე; ხოლო მესამე ადგილი ერგო ეკატერინე დადიანის, ანა ლომაშვილისა და ლანა რეხვიაშვილის პროექტს „კვარკი“, ისინი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტსა და თსუ-ში სან დიეგოს უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის მიმართულებას წარმოადგენენ.
პროექტის „თსუ ინოვაცია“ ერთ-ერთი ავტორის, თსუ სტუდენტის
გიორგი მეშველიანის თქმით, პროექტის მიზანი სტუდენტებში ინოვაციური იდეების წახალისება და თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელებაა.
„სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ფულადი პრიზის მოპოვების პარალელურად გამოფენაზე თავიანთი იდეები პოტენციურ ინვესტორებსა და დამსაქმებლებს გააცნონ და მათი განხორციელებისთვის შესაბამისი დაფინანსება მოიპოვონ“, -განაცხადა პროექტის ავტორმა.
ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, თსუ პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ. „ ეს პროექტები ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევითი იდეების კომერციალიზაციას, რაც ჩვენი უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ პროექტების ავტორებს უკვე ჰქონდათ საინტერესო მოლაპარაკებები ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა მათგანს საინტერესო გამოხმაურება ექნება, დაინერგება და ხორცი შეესხმება ამ იდეებს,“-აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
„თსუ ინოვაციაში“, რომელიც სტუდენტური პროექტების დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა, 30-მდე პროექტი მონაწილეობდა. აქედან სპეციალურმა ჟიურიმ 10 საუკეთესო შეარჩია. სამ საუკეთესო პროექტზე განაწილდა საპრიზო ფონდი 5000 ლარის ოდენობით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც გამარტივდება ტვირთების გადაზიდვა, ღონისძიებების დაგეგმვა, ენის შესწავლა და საცობით გადატვირთულ ქალაქში გადაადგილება. გამარჯვებული პროექტი ეხება ინოვაციური ძრავის იდეას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავებსა და კოსმოსურ ძრავებში გამოიყენონ.
2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა. რექტორის ინიციატივით, გამჭვირვალობის და პარიტეტის დასაცავად შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიან. ათი თვის განმავლობაში საბჭოში შევიდა 170 პროექტი, რომელთაგან დაფინანსდა 152. 2017 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტში 600 ათასი ლარი სტუდენტური სამეცნიერო პროექტებისთვის გამოიყო, 180 ათასი ლარი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტებისთვის.
« იხ. ყველა სიახლე