2018-03-22

თსუ სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგების და თურქი მხატვრების ერთობლივი გამოფენა

თსუ სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგების და თურქი მხატვრების ერთობლივი გამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგების და თურქი მხატვრების ერთობლივი  გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი და თურქი მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თსუ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სამხატვრო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის თქმით, გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. „ანტალიის, იზმირის და თურქეთის სხვა ქალაქების უნივერსიტეტებიდან ჩამოსული არიან ხელოვნებათმცოდნეები,  რომელთა ნამუშევრების გამოფენა  ადგილობრივ მხატვრებთან ერთად იმართება. ხვალ სამეცნიერო კონფერენცია  ჩატარდება . მე, როგორც თურქეთის ელჩი, ვამაყობ, რომ ასეთ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას და  მისი  პატარა ნაწილი ვარ,“ - აღნიშნა თურქეთის ელჩმა.    

თსუ ასოცირებული პროფესორის, თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის ელისაბედ ბჟალავას ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მეხუთედ მასპინძლობს თურქულ-ქართული ხელოვნების ფესტივალს. „გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების კათედრისა და თურქული უნივერსიტეტების წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად ტარდება. ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდება. ვიზუალური ჩვენებების გარდა, გაიმართება ვორქშოპებიც ,“ - აღნიშნა ელისაბედ ბჟალავამ.    

თსუ ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი ბოლო წლებში აქტიურად თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან. ამ წლების მანძილზე გაიმართა რამდენიმე გამოფენა და ვორქშოპი თურქეთში თსუ პროფესორების და სტუდენტების მონაწილეობით. თსუ-ში კი უკვე ტრადიციული თურქული და ქართული ხელოვნების ერთობლივი ყოველწლიური ფესტივალი ტარდება.


ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგის ლელა გელეიშვილის პერსონალური გამოფენა. ასევე გაიმართა ვორქშოპი და საერთაშორისო კონფერენცია - „განათლება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სფეროში - ტრადიცია და თანამედროვე პრობლემატიკა“.



Print

« იხ. ყველა სიახლე