2017-07-20

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა  მოაწერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ-სა და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი ბევრ საინტერესო პროგრამას გულისხმობს, მათ შორის, თსუ სტუდენტების სტაჟირებას, ტელე-პროდუქციის გავრცელებას და ბევრი სხვა მიმართულებით თანამშრომლობას, რაც ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო. „თსუ-ს აქვს ძალიან კარგი და სერიოზული გეგმები სტუდენტური ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით, ვაპირებთ, რომ პროდუქცია იყოს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი. ამისთვის, გვჭირდება რეგიონალური ასოციაციის დახმარება, რომ მოხდეს პროდუქციის წარდგენა იმ ტელევიზიების მეშვეობით, რომელიც შედის ამ ასოციაციაში. ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი და ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობა“,-აღნიშნა გიორგი შარვშიძემ.

„თსუ-სთან ჩვენს ასოციაციას, რომელიც აერთიანებს 21 რეგიონულ ტელევიზიას აკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობა. ჩვენ აქამდეც გვქონდა ძალიან წარმატებული გამოცდილება სტუდენტთა სტაჟირების და მედიაპროექტების წარმოების, მაგრამ ეს მემორანდუმი ითვალისწინებს ახალ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან დეტალებსაც. ჩვენს ეთერს ვუხსნით ყველაფერ იმას, რაც დამზადდება ტელე-რადიო პროდუქციის სახით თსუ-ში. ჩვენთვის ეს არის ძალიან ღირებული პროდუქტი და ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქტი განთავსდება რეგიონული ტელევიზიების ეთერში“,-განაცხადა საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა.

მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, მიიღონ კონსულტაცია და დახმარება ასოციაციის უფლებამოსილების ფარგლებში; სტუდენტებს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი მუშაობისთვის შეექმნებათ საჭირო პირობები; ექნებათ ხელშეწყობა სხვადასხვა პროექტებისა და კონფერენციების გამართვასა და ორგანიზებაში. ამასთან, უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული ტელე-პროდუქცია განთავსდება ასოციაციის წევრ და პარტნიორი ორგანიზაციების ტელეკომპანიებში.






Print

« იხ. ყველა სიახლე