2018-06-18
„შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“ - პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ინგლისურენოვანი მონოგრაფიის - “Medieval Georgian Romance “The Man in a Panther-Skin” and Shakespeare’s Late Plays“ („შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“) პრეზენტაცია გაიმართა. მონოგრაფიის საშუალებით მკითხველს ეძლევა სრული ინფორმაცია რუსთველის „ვეფხისტყაოსნისა“ და მისი თვისობრივი მიმართების შესახებ წინარე რენესანსის ევროპულ აზროვნებასთან. კერძოდ, ცნობილი ხდება, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ევროპული საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა არა მეცხრამეტე, არამედ მეჩვიდმეტე საუკუნეში და სიუჟეტურ წყაროდ გამოყენებული ყოფილა უილიამ შექსპირის ინგლისურ დრამატურგიაში.
წიგნის პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე თევზაძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გიორგი ალიბეგაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის
ალექსანდრე თევზაძის თქმით, დასავლეთ ევროპული ფასეულობების შექმნაში ქართულმა ლიტერატურამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა:
„ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ დღევანდელი ქართული განვითარების ვექტორი დასავლეთ ევროპულ ფასეულობებთან არის დაკავშირებული. ელგუჯა ხინთიბიძის გამოკვლევებიდან კი ირკვევა, რომ ამ ფასეულობების შექმნაში ქართულმა ლიტერატურამ თავისი წვლილი შეიტანა.“
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის
ნანა გაფრინდაშვილის განცხადებით, ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფია უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო გამოკვლევაა:
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფიამ რუსთველოლოგიაში გადატრიალება მოახდინა. ეს უმნიშვნელოვანესი მეცნიერული მიგნებაა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში კუთვნილ ადგილს იკავებდა“.
წიგნის ავტორის, პროფესორ
ელგუჯა ხინთიბიძის თქმით, წარმოდგენილ წიგნსა და თემაზე საუბარი 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკასა და ევროპაში:
„ინგლისური ლიტერატურათმცოდნეობა უკვე საუკუნეებია ეძებს იმ სიუჟეტურ წყაროს, რომელსაც სამი დიდი პიესა - შექსპირისა და მისი ორი თანამემკვიდრის პიესები ემყარებოდა. ასე რომ, ეს სიახლე არ არის მხოლოდ ქართული ლიტერატურათმცოდნეობისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი ქართული სამყაროს დიდი წარდგინებაა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის წინაშე.“
შექსპირის გვიანდელი პერიოდის შემოქმედებისა და მისი თანამედროვე ინგლისელი დრამატურგების ერთ-ერთი ლიტერატურული წყარო უნდა იყოს შუა საუკუნეების ქართული რომანის რუსთველის „ვეფხისტყაოსანის“ პროტაგონისტთა სიყვარულის ისტორია. კერძოდ, XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისელი დრამატურგების ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის ორი პიესის „მეფე და არა მეფის“ და „ფილასტერის“ სიუჟეტის ძირითადი ხაზი ამ ლიტერატურული წყაროს ფაბულის სხვა გარემოში და სხვა პერსონაჟებზე გადატანაა. უილიამ შექსპირის „ციმბელინის“ როგორც კომპოზიცია, ასევე იდეურ-თემატური ჩანაფიქრი იმავე წყაროდან მომდინარეობს. ხოლო მისი შემოქმედების ბოლო პერიოდის სხვა პიესებში აშკარად შეინიშნება რემინისცენციები ნესტანისა და ტარიელის რომანის კომპოზიციური და სიუჟეტური დეტალებისა.
წიგნი დაბეჭდა ADOLF M. HAKKERT – PUBLISHER-ის გამომცემლობამ ამსტერდამში, 2018 წელს.
« იხ. ყველა სიახლე