ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-07-16

საერთაშორისო კონფერენცია - „ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში“

საერთაშორისო კონფერენცია - „ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში“
 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და პედაგოგის, ქართული ალბათურ-სტატისტიკური სკოლის ფუძემდებლის, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის დამფუძნებლის, პროფესორ გვანჯი მანიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია - „ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში“ გაიხსნა. კონფერენციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ პროფესორის, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ომარ ფურთუხიას თქმით, კონფერენციაზე 10 ქვეყნის უცხოელი სპეციალისტები არიან მოწვეულნი. „ ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა ამ ღონისძიების ჩატარება, რადგანაც წელს ავღნიშნავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქართველი მეცნიერის გვანჯი მანიას 100 წლის იუბილეს. ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო კონფერენცია გვექნება,“ - აღნიშნა პროფესორმა.

ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორის, რიმას ნორვიშას თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონფერენციაში „ალბათობის თეორიასა და მათემატიკური სტატისტიკაში“ მონაწილეობის მიღება. „ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის თბილისში, იმ კონფერენციაზე დასწრება, რომლის თემაც ძალიან მიყვარს. ეს კონფერენცია არის ერთ-ერთი, რომელშიც თბილისში წლების წინ მივიღე მონაწილეობა. მე ვარ აქ ჩემს კოლეგებთან მიშა მანიასთან, ვაჟა ტარიელაძესთან ერთად. ყველა ჩვენგანი მუშაობს სამეცნიერო საკითხებზე და ძალიან სასიამოვნოა იმის გაგება, რამდენი რამ გააკეთა ქართველმა მათემატიკოსმა წლების მანძილზე ამ სფეროში“, - განაცხადა პროფესორმა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში მოღვაწე მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, ახალი ზელანდიიდან, ჩეხეთიდან, ჰოლანდიიდან, უზბეკეთიდან, დანიიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან და ლიტვიდან.

1968 წელს პროფესორ გვანჯი მანიას თაოსნობით დაფუძნდა ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე. პროფესორი ეწეოდა აქტიურ და ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. მას ეკუთვნის პირველი ქართული სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები ალბათობასა და სტატისტიკაში. მის მიერ დადგენილ იქნა მნიშვნელოვანი სტატისტიკების ზღვარითი განაწილებები, ეს სტატისტიკები სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია მანიას სტატისტიკების (კრიტერიუმების) სახელით. 1979 წელს ჟურნალში “International Statistical Review” სიმკვრივის სტატისტიკური შეფასების შესახებ ვერცისა და შნაიდერის ბიბლიოგრაფიაში მითითებულია პროფ. გ. მანიას 17 ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია: „ალბათობათა განაწილების სტატისტიკური შეფასებები“, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ აღნიშნული მიმართულებით იგი წარმოადგენს ბრწყინვალე წიგნს (The excellent book). 

საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორები არიან: თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი; ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი; საქართველოს სტატისტიკური ასოციაცია.






Print

« იხ. ყველა სიახლე